კალაძე: შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ჩემი პრობლემა იყო, რომ ოლსონის თანამდებობა არ ვიცოდი

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და მისი პრობლემა იყო, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, ერიკა ოლსონის თანამდებობა არ იცოდა.

აღნიშნული განცხადება კალაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც დედაქალაქის მერი აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ ტვიტერზე გააკრიტიკა. “საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით. არა მგონია, ეს კისინჯერსაც მოეფიქრებინა”, — დაწერა კელიმ Twitter-ზე:

„გაუგებარია იან კელის განცხადება. მე შეურაცხყოფა არვისთვის მიმიყენებია. ვერ ნახავთ ჩემს ვერც ერთ განცხადებას, რომ მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლებისთვის ან ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო, რომ თანამდებობის ნაწილში, რომელიც ითქვა ჟურნალისტის მხრიდან, მე არ ვიცოდი. მაგრამ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია“ – თქვა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის ერიკა ოლსონის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ განახორციელოს მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემის რეფორმები, რომლებზეც პასუხისმგებლობა აიღო.

ამ განცხადების კომენტირებისას, გუშინ, 9 დეკემბერს “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ იკითხა, ვინ არის და რა თანამდებობა აქვს ერიკა ოლსონს.

„თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი, ეგეთი თანამდებობა თუ არსებობდა“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა აშშ-ის ყოფილი ელჩის კრიტიკული პოსტი.

netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები