უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები იქნება:
– გახარიას სახით სერიოზული მოთამაშე შემოდის. ის ტყუილად არ წასულა თავისი ინიციატივით ხელისუფლებიდან. იცით ვინმე “ოცნებიდან”, ვინც თავისი ნებით წასულიყო ან მოსულიყო ხელისუფლებაში?! გახარიას გარდა ასეთი არავინ მახსენდება.
– კალაძეზეც ამბობენ, წასასვლელად ემზადებაო.
– კალაძე დიდი ხანია თავის თამაშს თამაშობს. კალაძე თავის გუნდით შეუერთდება გახარიას. გახარია კი საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს. თუ გინდათ შეინახეთ გაზეთის ეს ნომერი, რომ ზუსტად ასე იქნება.
მე რასაც ვაკვირდები, სწორედ გახარია უნდა გახდეს ამათი გასვენების ჩამტარებელი. ეს ხელისუფლება მკვდარია, მოკლა კორონამ, მაგრამ არ ჩანს კაცი, ვინც ამათ გაასვენებს. ვინც ლობიოს და შილაფლავს მოუხარშავს. აბა ის განცხადება, რაც ამათგან მოვისმინე, დახმარება აღარ გვინდაო, თითქოს მარტო ვალის აღებაშია ამათი პრობლემა, სწორედ ამათ გარდაცვალებას ნიშნავს, სხვას კი არაფერს.
ეს მარტივი განცხადება არ გეგონოთ. ზუსტად იცოდნენ, რომ ამ თანხას მათ აღარავინ მისცემდა და წინასწარ თავი დაიზღვიეს. ყვავის ჩვენი ეკონომიკა და აღარ გვინდა სხვისი ფულიო.
სირცხვილია ჩვენი ქვეყნის შემხედვარესთვის ამ განცხადების გაკეთება. პანდემიას ვერ მართავ, ყოველდღე 80 კაცს ასვენებ, ხალხი მშიერი გიკვდება და რისი ეკონომიკა გიდუღს, სრულ ჭკუაზე ხარ, ხელისუფლებავ?!
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა