,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” სენაკის მუნიციპალიტეტში კორუფციის ნიშნების შემცველი ქმედება გამოიკვლია. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსი, ნანა ზარანდია, სს ,,არქეოპოლისის” დირექტორად დაინიშნა, აღნიშნულმა კომპანიამ კი მერიის 6 მილიონის ღირებულებების ტენდერები მოიგო.
“ნანა ზარანდია 2014 წლიდან სენაკის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი იყო, 2018 წლიდან კი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გახდა. 2019 წლის 8 თებერვალს ზარანდია მერიიდან წავიდა და სს”არქეოპოლისის” დირექტორად დაინიშნა, სადაც 2020 წლის 12 ივნისამდე მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში კომპანიამ სენაკის მუნიციპალიტეტის 6 ტენდერი მოიგო და 1 გამარტივებული შესყიდვაც მიიღო. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 6,054,373 ლარია. შვიდივე ხელშეკრულებას „არქეოპოლისის” მხრიდან ხელს კომპანიის დირექტორი, ნანა ზარანდია აწერს.
შემდგომ ნანა ზარანდია კვლავ დაბრუნდა სენაკის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიციაზე. სწორედ ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარებაშია შესყიდვების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქცია მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზებაა. ამის შემდეგ სს „არქეოპოლისმა” სენაკის მუნიციპალიტეტის ორი ტენდერი მოიგო, ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით 3,874,513 ლარი. ორივე შემთხვევაში ნანა ზარანდია ხელს აწერს ოქმს, რომ არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი სს „არქეოპოლისთან”.
სს “არქეოპოლისი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანიაა სამეგრელოს რეგიონში. იგი შესყიდვებში 2011 წლიდან მონაწილეობს და ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 122 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული. “არქეოპოლისისგან” ყველაზე ხშირად მომსახურებას სწორედ სენაკის მუნიციპალიტეტი ყიდულობს – “არქეოპოლისმა” სენაკის მუნიციპალიტეტის 26 ტენდერი მოიგო, ასევე მიიღო 2 გამარტივებული შესყიდვაც.
სს “არქეოპოლისი” საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, დემურ გადელიას კომპანიაა. გადელია პარლამენტის წევრი (სენაკის მაჟორიტარი) ორჯერ იყო 1995-1999 და 1999-2004 წლებში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს ნანა ზარანდიას ჩართულობით სს “არქეოპოლისის” სენაკის მუნიციპალიტეტის ტენდერებში მონაწილეობის პროცესი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა იგი კორუფციის შესაძლო ნიშნებს.” – ნათქვამია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევაში.
საერთაშორისო გამჭირვალობა