იან კელი პრემიერის განცხადებაზე – არ შეესაბამება სიმართლეს

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. საუბარია პრემიერის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არასდროს სმენია, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში სასამართლო სისტემის კრიტიკა ევროპისა და აშშ-ისგან.

აშშ-ის ყოფილი ელჩი აზიარებს ირაკლი ღარიბაშვილი შესაბამის განცხადებას და წერს:

„ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გადახედეთ ადამიანის უფლებათა ანგარიშს – ყოველთვის იყო კრიტიკა ნაციონალური მოძრაობის ეპოქის სასამართლო სისტემის მიმართ. მაგალითისათვის 2011 წელი: ”ცრუ, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები”, ”მთავრობის ოფიციალური პირების მიერ პატიმრებისადმი ცუდად მოპყრობა“, ”სასამართლოს წარმომადგენლები განაგრძობდნენ მოქმედებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ”, – წერს იან კელი “ტვიტერზე“.

მისივე თქმით,”ეს სააკაშვილის სასამართლო სისტემის მიმართ აშშ-ს კრიტიკის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია”.

“ქართველებმა უნდა იცოდნენ სიმართლე. ჩვენ, ამერიკელებმა ვიცით ლიდერის საფრთხე, რომელიც ქმნის საკუთარ ფაქტებს, სიმართლისთვის თვალის გასწორების ნაცვლად”, – წერს ყოფილი ელჩი.

მსგავსი სიახლეები