“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები ირმა ინაშვილი და დავითა თარხან მოურავი, ასევე ამ პარტიის პოზიციებთან დაახლოებული სხვა პირები რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ.
წერილი 2 აგვისტოს ირმა ინაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ხელმომწერების სიასთან ერთად.
ინაშვილი წერს:
“უპასუხისმგებლო „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი დაძაბულობის ჩასაქრობად მე და ჩემი მეგობრები ვხვდებოდით რუს დეპუტატებსა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს. შესაძლოა, ვინმეს ეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ ამ შეხვედრებმა არაერთხელ განმუხტა დაძაბული ვითარება და მე არ ვიცი, შესაძლოა, ომსაც კი გადაგვარჩინა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს შეხვედრები და ეს დიალოგი გაჩერებულიყო და გაყინულიყო”.
წერილის ავტორების მტკიცებით, პასუხისმგებლობას გრძნობენ და წერილით მიმართავენ პუტინს:
“ საჯაროდ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს, რათა კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა, აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე, განახლდეს კულტურულ-სოციალური ურთიერთობა და რაც მნიშვნელოვანია, ორმხრივად გაიხსნას საინფორმაციო სივრცე, რათა ბოლოს და ბოლოს გამოვნახოთ საერთო ენა!”.
საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილი აქვს 2008 წლის ომის შემდეგ, თუმცა ინაშვილი და ნატოში ინტეგრაციის სხვა მოწინააღმდეგეები მაინც ჩადიან პერიოდულად რუსეთში შეხვედრების გასამართად.
“პატრიოტთა ალიანსმა” შარშან გამართულ საპარლამენტო არჩევნებში 6 მანდატი მოიპოვა, თუმცა პარლამენტში მხოლოდ სამი კანდიდატი შევიდა და “ალიანსი” დატოვა, საპარლამენტო მანდატებზე კი უარი თქვეს ირმა ინაშვილმა, გოჩა თევდორაძემ და გიორგი ლომიამ.
“მნიშვნელოვანია, რომ “პატრიოტთა ალიანსის” რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში”, – განაცხადა მაშინ “ოცნების” უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობაძიძემ.
წყარო: netgazeti.ge