აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ბათუმის საკრებულის წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დროული და სრულყოფილი გამოძიება უნდა ჩატარდეს, თუ საფუძველი არსებოს.
მისი თქმით, ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგაოდებას კითხვები აქვს და გამოძიებამ მათ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.
„გამოვხატავ მწუხარებას ამ ფაქტთან დაკავშირებით. ვიცი, რომ ის იყო საკრებულოს ახლად არჩეული წევრი. როგორც ვიცი, ძალიან წესიერი და პატიოსანი ადამიანი იყო და მისი გარდაცვალება ნამდვილად ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, თუ არსებობს რაიმე საფუძველი, უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება. იმიტომ, რომ ადამიანებს აქვთ შეკითხვები. შესაბამისად, უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიება დროულად, იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს ამ საკითხს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი იყო ენმ-დან და 18 ნოემბერს გარდაიცვალა.
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ჩანაწერის მიხედვით, დავით რიჟვაძის დავალებით [თორნიკე რიჟვაძის მამა] ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ეს პირები ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში მუშაობდნენ.
ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. რიჟვაძის თქმით, ჩანაწერებში მისი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს და ბოდიშის მოხდას მოითხოვს.