პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ “თუ ადამიანი გადაწყვეტს, შეუძლია, თავი მოიკლას” და ამაზე პასუხისმგებლები ისინი არ არიან. იმედის ეთერში, გადაცემა “იმედი LIVE”-ში წამყვანმა ღარიბაშვილს ჰკითხა, რით შეიძლება, დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა?
“ფინალი, რა ვიცი, ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] თავის ჯანმრთელობას იზიანებს… უფრო მეტიც, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 28 დღეა, საკვები არ მიუღია.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. როგორც ექიმებმა თქვეს, აქვს პათოლოგიები, რაც, შიმშილობის პირობებში შესაძლოა სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო გახდეს.