ანა ბუჩუკური – ვიწროპარტიული ინტერესების გამო, ხელისუფლება ფაქტობრივად კონფრონტაციაში შედის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს
ვიწროპარტიული ინტერესების გამო, ხელისუფლება ფაქტობრივად კონფრონტაციაში შედის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს, – ამ განცხადებით პარტია „საქართველოსთვის” წარმომადგენელი, დეპუტატი ანა ბუჩუკური აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკომისიის განცხადებებს გამოეხმაურა.
პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე მან მმართველ გუნდს მოუწოდა, კარგად გაიაზროს რისკები, რომლის წინაშეც ქვეყანას აყენებს.
როგორც ბუჩუკურმა განაცხადა, ქვეყანა, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია და რომელსაც უამრავი გამოწვევა აქვს, სხვანაირად უნდა მოქმედებდეს, ხოლო ყველაფერი ის, რაც ხდება, უაღრესად სახიფათოა.
„ჩვენ ნამდვილად არ გვახარებს ის განცხადებები და მინიშნებები, რომლებითაც დღეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა და მთავარმა მოკავშირეებმა უმაღლეს დონეზე გაკეთებული განცხადებებით მოგვმართეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკომისიის განცხადებებში უკვე საუბარია კონკრეტული ფინანსური ბერკეტების/მექანიზმების შესაძლო ამოქმედებაზე.
კარგად გვესმის, რომ თუ პროცესები ამ მიმართულებით განვითარდა, ეს დააზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. ამიტომ, ვერ გავიზიარებთ იმ სიხარულს და აღტკინებას, რასაც ხშირად ოპოზიციური სპექტრის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებასთან, ან ფინანსური ტრანშების შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ვხედავთ.
გუშინდელი განცხადებები უკავშირდება როგორც ჟურნალისტებზე სისტემური თავდასხმის ფაქტს, ასევე მოსამართლეების დანიშვნის პროცესს. ეს ფაქტები მხოლოდ ერთი ნაწილია იმ დიდი პრობლემისა, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოში ხედავენ. ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ეს არის შედეგი იმისა, რომ ხელისუფლება ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მათ შორის, მიზანმიმართულად ცდილობს უზენაეს სასამართლოში სამუდამოდ გაუძლიეროს პოზიციები გავლენის ჯგუფებს და ა. შ.” – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.