ვიდეო – როგორ აღმოჩნდა 70 000კვ.მ ტერიტორია ღარიბაშვილის სამეგობროს ხელში

ვისთვის აშენებენ სასახლეს ოქროსფერი დიადემებით და არწივის მონუმენტებით რუსეთიდან ჩამოყვანილი ტაჯიკი მუშები – 70 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია, სოფელ წეროვანში სამშენებლო პოლიგონად რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ იქცა.  “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ბრძანება, მცხეთის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2022 წლის 3 ოქტომბერს გასცა.  რუსეთ-უკრაინის ომიდან 9 თვეში კი მცხეთის მერიამ სამეფო სასახლის პროექტი დაამტკიცა და მშენებლობა დაიწყო. 

 

  • ვის ეკუთვნის სასახლე ოქროსფერი სამეფო დიადემებით,  შავთ-თეთრი მარმარილოს ფასადით და ზედ აღმართული არწივის ქანდაკებებით?!

ტერიტორიის მფლობელი, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ნიკა ჯობავა და კომპანია “რონდი”არიან “რონდის” მფლობელი კი ნიკა ჯობავას მამა როლანდ ჯობავაა. 

როლანდ ჯობავა , რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს, ბაკულევის სახელობის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და რუსეთის მმართველ ელიტასთან დაახლოებული მილიონერია.  “შაბათის ეთერს” ინფორმირებული პირის ჯობავას გარემოცვიდან უყვება, რომ ის საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილის მფარველობით სარგებლობს და დაქვეითებული ექს პრემიერის ახლო გარემოცვის წევრია. 

რუსეთიდან და ტაჯიკეთიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი მუშები სასახლეს დაჩქარებული წესით აშენებენ. ოთხ სართულიანი რეზიდენცია  27 ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული ბაღებით და  სამი აუზით,  გალავნითაა გარშემორტყმული.

ეს სასახლე პუტინის გალენჯიკის რეზიდენციას მოგაგონებთ. მთავარი კარიბჭე ოქროსფერი ნაკეთობებით, თეთრი მარმარილოს თაღებშია ჩასმული.  ყურადღებას თეთრი მარმარილოს ორნამენტები იქცევს, რომელიც ტანმაღალ კოლონადებს მიუყვება.

  • ვისთვის აშენებს სასახლეს ირაკლი ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი, რომელიც ძირითადად მოსკოვში ცხოვრობს და საქართველოში იშვიათად ხედავენ?
  • რატომ გადაწყვიტა სასახლის მშენებლობა მას შემდეგ, რაც რუსეთ- უკრაინის ომი დაიწყო და  სანქციების  გამო,  რუს მილიონერებს დასავლეთში ყველა გზა ჩაუკეტეს?

რუსეთის მმართველ ელიტასთან დაახლოებული როლანდ ჯობავას გარემოცვა “შაბათის ეთერს” უყვება, რომ ის დაქვეითებული ექსპრემიერის  ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარია.

  • რა ინტერესი აქვს ამ სასახლის მშენებლობაში თავად ღარიბაშვილს? 

“შაბათის ეთერმა” დოკუმენტების შესაწავლის შემდეგ, ჯოაბვას და ხელისუფლების პირველი პირების ახლო კავშირი დაადგინა: როლანდ ჯობავა კომპანია “ჯორჯიან ბინზეს ბროკერი”-ის 10 % წილის მფლობელია. ამ კომპანიაში 25 % წილს ფლობს, ბეჟან მაისურაძე, საკონტროლო პაკეტის მფლობელი კი რომან ბოკერიაა.

რომან ბოკერია ოთარ ფარცხალაძის რუსული ბიზნესების მმართველია, ისინი ერთად ფლობენ მოსკოვში ანალოგიური დასახლების კომპანიას, ბეჟან მაისურაძე კი ირაკლი ღარიბაშვილის ახლო ძმაკაცია, და ეს კავშირი მან  2020 წელს “შაბათის ეთერთან”  ინტერვიუს დროს უარყო.  

  • კომპანია “ჯორჯიან ბიზნეს ბროკერი ჯი”, რომლის წილსაც სასახლის მშენებელი როლან ჯობავა ფლობს, საქართველოს მთავრობის პარტნიორია. 2021 წლის 30 ივლისს ეკონომიკის სამინისტროს მას მემორანდუმი გაუფორმა და მთავრობის ბალანსზე არსებული ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე  გაყიდვა ანდო. ასე მიყიდეს პრორუს ოლიგარქ დავით ხიდაშელს, რიყეზე დოქების ცნობილი შენობა.

ირაკლი ღარიბაშვილის და ბეჟან მაისურაძის გზები ბევრჯერ გადაიკვეთა. მას შემდეგ, რაც მაისურაძემ გარეჯას საქმეში თითქოსდა მოპარული რუკები იპოვა და  ყოფილ პრემიერს მტკიცებულებად გადასცა, სანაცვლოდ ინვესტორების შემომყვანი შუამავალი კომპანიის წილები და სახელმწიფო ქონების გასხვისების პრივილეგია მიიღო.

ღარიბაშვილის სამეგობროს რუსული სასახლე – მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი.

მსგავსი სიახლეები