ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ – ამის შესახებ განცხადება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გააკეთა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებას.
“უკრაინასა და მის მოკავშირეებს საქართველოზე გავლენა რომ არ ჰქონოდათ, რუსები უკვე შექმნიდნენ ამ ქვეყნის გავლით სანქციების გვერდის ასავლელ მარშრუტს. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, გადავწყვეტთ, რა ქმედებები განვახორციელოთ,” – განაცხადა კულებამ.