სახალხო დამცველის ინფორმაციით, ეუთო/ოდირმა პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება შეაფასა ნაჩქარევ პროცესად, რომელსაც არანაირი წინასწარი კონსულტაციები არ სდევდა თან.
საქართველოს სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონის შეფასების თხოვნით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR) 2 თებერვალს მიმართა და სამართლებრივი დასკვნის დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში წარმოდგენა სთხოვა.
2022 წლის 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც ომბუდსმენის ინფორმაციით, კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები და ასევე და შესულია რეკომენდაცია კანონის ამოქმედების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე.
“მათი შეფასებით ეს პროცესი კანონის უზენაესობის ხელყოფისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების საფრთხეს ქმნის და საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს. ეუთო/ოდირის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებებმა და პროცესმა შეიძლება, გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე, არასათანადო მოპყრობის და დაკავებულ პირთა გარდაცვალების საქმეთა გამოძიებაზე, რადგან საფრთხე ექმნება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეფექტურობას და ასევე საგამოძიებო ორგანოს მანდატი ფართოვდება ისეთი დანაშაულებით (შესაბამისი ფინანსური რესურსის გაზრდის გარეშე), რომელიც არ ყოფილა დამოუკიდებელი ორგანოს ქვემდებარე აქამდე”, – აცხადებს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენის ინფორმაციით, ეუთო/ოდირმა სხვადასხვა რეკომენდაცია წარმოადგინა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის:
- აუცილებელია მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება და საკანონმდებლო პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრა;
- იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ინსპექტორის და მისი მოადგილეების მანდატი უნდა გაგრძელდეს და მათ მიეცეთ საშუალება დაასრულონ თავიანთი უფლებამოსილება ბოლომდე;
- ეუთო/ოდირი იზიარებს სახალხო დამცველის მრავალწლიან რეკომენდაციას, რომელიც გულისხმობს რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს უნდა ჰქონდეს იმ ქმედებების გამოძიების უფლებამოსილება, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია მაღალი თანამდებობის პირებისა (გენერალური პროკურორის, შსს მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის) და პროკურორების მიერ.
სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირის სამართლებრივი დასკვნა გადაუგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე დასართავად. ომბუდსმენი იმედს იტოვებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის მოსაზრების ყველა ასპექტს, პირველ ეტაპზე შეაჩერებს სადავო ნორმის მოქმედებას 1-ელ მარტამდე და შემდგომ არაკონსტიტუციურად ცნობს მას.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ომბუდსმენმა პარლამენტთან შეუთანხმებლად და არასრული/არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ეუთო/ოდირს. ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენს ეუთო/ოდირს სთხოვა საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება და ჰკითხა მას, თუ რამდენად არის განხორციელებული ცვლილებები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, რისი პარლამენტთან შეთანხმება არ სჭირდებოდა. ლომჯარიას თქმით, ეუთო/ოდირი დაუკავშირდა საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტი ინფორმირებულო იყო ომბუდსმენის მიმართვის შესახებ და შეეძლო, თავად მიეწოდებინა ინფორმაცია ორგანიზაციისთვის.
ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და განაცხადა, რომ სახალხო დამველმა აუცილებლად უნდა გაასაჯაროვოს ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვები.
მისი განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში „საერთოდ არ არის ნამსჯელი“ უმთავრეს საკითხზე, თუ რამდენად თავსებადია საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე კონტროლის ფუნქცია ერთი სახელმწიფო სამსახურის ხელში, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთ შინაარსობრივ საკითხებზე ინფორმაცია ეუთო/ოდირს საერთოდ არ მიწოდებია, რაც მას ამ საკითხზე სრულ და ობიექტურ წარმოდგენას შეუქმნიდა.
„გამოდის, რომ ეუთო/ოდირის წინაშე არ დასმულა მთავარი საკითხი, არის თუ არა ერთმანეთთან თავსებადი გამოძიება და პერსონალური მონაცემების დაცვა და არის თუ არა გავრცელებული მსგავსი მოდელი ევროკავშირის ქვეყნებში“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ის, რომ შინაასობრივად არასწორი ან არასრული ინფორმაცია იქნა მიწოდებული ეუთო/ოდირისთვის, ასევე დასტურდება დასკვნაში არსებული სამართლებრივი უზუსტობებით. „ეუთო/ოდირის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ახლად შექმნილი ორი ახალი სამსახურის თანამდებობის პირთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმი თითქოს შემცირდა, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება და მარტივად გადამოწმებადია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. დასკვნაში ასევე წერია, რომ თითქოს გაუქმდა ამ თანამდებობის პირთა მიმართ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად!“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დასკვნის მიხედვით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიუკერძოებლობა და მიუკერძოებლობის აღქმა, ის პირები, ვისაც, მაგალითად, პოლიციის ან/და თავდაცვის უწყებებში მუშაობის მოჭარბებული სტაჟი აქვთ, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ უნდა იქნენ არჩეული.
„აქედან ცხადი ხდება, რომ ეუთო/ოდირი პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელობის ლეგიტიმაციას, მათი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე! საინტერესოა, იყო თუ არა ეუთო/ოდირისთვის საერთოდ მიწოდებული ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედ ხელმძღვანელობას შეეძლო ახალ კონკურსში შეუფერხებლად მონაწილეობის მიღება და რომ მათ აღნიშნული შესაძლებლობა არ გამოიყენეს! იმედია, სახალხო დამცველი იხელმძღვანელებს გამჭვირვალობის პრინციპით და გაასაჯაროებს მის მიერ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილ შეკითხვებს, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტი და ობიექტური დასკვნები გამოიტანოს!“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.