გიორგი გახარია 19 აპრილის შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლაზე – ეს შიშისგან მოდის – ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება ხელისუფლებამ ძალაუფლების დაკარგვის შიშის გამო გაწყვიტა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი პარტია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით შემუშავებულ დოკუმენტებსაც წყვეტს.
„ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით საკმაოდ მარტივია ანალიზი. ფაქტია, რომ ეს ხელშეკრულება, ყველაფერთან ერთად, შედგებოდა რამდენიმე პრინციპული კომპონენტისგან: პირველი – სასამართლოს ნაწილი და ეს ხელისუფლებამ სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა, გააგრძელა ქმედება და მეორე – 43%-იანი ზღვარი.
ჩემთვის პერსონალურად ეს არის შიშის გამოხატულება. აშკარა ხდება, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა. ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების განწყობებსა და გადაწყვეტილებებში.
სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი აქ არის ის, რომ მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. სინამდვილეში კი აქ დღეებზეა საუბარი, ეს ხომ არ არის გრძელვადიანი პერსპექტივა. ფაქტობრივად სახელმწიფო ინტერესები გადატანილია მეორე, მესამე, მეოთხე ფლანგზე. წინ არის პარტიული ინტერესები წამოწეული და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ახლა ხდება, დანარჩენი ყველაფერი გადასაწყვეტია ჩვენი მოქალაქეების მიერ. მათი არჩევანი იქნება განმსაზღვრელი, მაგრამ ყველზე ცუდი რაც არის, არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს მმართველი ძალა და რას აკეთებს, უკვე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტებსაც აღარ ითვალისწინებენ. ეს შიშისგან მოდის“, – განაცხადა გახარიამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეწყვეტდა თუ არა მმართველი გუნდი 19 აპრილის შეთანხმებას ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე, გახარიას თქმით, დღევანდელი მმართველი პარტიის ხელმძღვანელების, ბოსების გაბედულებაში მას ყოველთვის ეჭვი ეპარებოდა.
„ამ ხალხს გამბედაობის სერიოზული პრობლემა აქვს“, – განაცხადა გახარიამ.