პარტია ,,საქართველოსთვის’’ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე მედიასთან პარტიის ოფისის მფლობელის მიერ ტელეკომპანია ,,იმედის ეთერში“ გაკეთებული განცხადების მიზეზად სავარაუდო ზეწოლას მიიჩნევს.
„ჩვენ ამ ადამიანთან გუშინაც კი გვქონდა კომუნიკაცია და ღიად აფიქსირებდა მხარდაჭერას ჩვენი გუნდისადმი და ჩვენი პარტიისადმი, და ფაქტიურად მხოლოდ დღეს შეიცვალა მისი პოზიცია, მიზეზად კი დასახელდა ის ფაქტი, რომელიც იმავე მედიის საშუალებებით რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის სრული სიცრუე… ფაქტია, რომ ამ ადამიანზე მიმდინარეობს სავარაუდოდ, ჩვენი აზრით, ზეწოლა და სწორედ ეს ზეწოლა გახდა მიზეზი იმისა, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა, რომელიც ვნახეთ. .სამწუხაროდ ეს ადამიანი ისე არის დაშინებული, რომ ჩვენ მასთან კომუნიკაციასაც ვერ ვახერხებთ.“ – აცხადებს მიქელაძე.
მიქელაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს პარტიისთვის ოფისის მიქირავების მსურველთა დაშინების პირველი შემთხვევა არ არის და აჭარაში ამას მასობრივი ხასიათი აქვს.
,,მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მთელი რეგიონის მასშტაბით ვაპირებთ ძალიან ბევრი ოფისის გახსნას და სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადამიანები ღიად გვიფიქსირებენ, რომ მიუხედავად მათი დიდი სურვილისა მოგვაქირაონ ჩვენ ოფისი – ვერ ახერხებენ იმ დაშინებისა და შანტაჟის გამო , რომელიც მათ მიმართ ხორციელდება. მე მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია ამ ადამიანთან მიმართებაშიც და ვთქვა, რომ ჩვენ აბსოლუტურად გვესმის მისი, თანავუგრძნობთ, და რა თქმა უდნა გავითვალისწინებთ მის ამ რთულ მდგომარეობას და ოფისს დავტოვებთ. მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ვერ გახდება ჩვენთვის დამაბრკოლებელი – ეს რა თქმა უნდა ვერ გახდება მიზეზი, რომ შევაჩეროთ მუშაობა და თუ ყველა ადამიანსაც კი შეაშინებენ ამ ქალაქში და ამ რეგიონში რომ ვერ მოგვაქირაონ ოფისი – ჩვენ ჩვენს საკუთარ სახლებშიც კი გავშლით ოფისს და გავაგრძელებთ მუშაობას მოქალაქეების პრობლემების, პირველ რიგში ზუსტად გასაგებად და შემდეგ ამ პრობლემების მოსაგვარებლად ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ.“ – ამბობს პარტია ,,საქართველოსთვის“ აჭარის ხელმძღვანელი.
„ფაქტია, რომ ეს ქცევა ძალიან ჰგავს ნაციონალურ მოძრაობისას 2012 წელს და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ თუ როგორ სრულდება მსგავსი პროცესი.“- ასე აფასებს მიქელაძე მოქალაქეების დაშინებას.