ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა 5 ივლისის ეფექტიანი გამოძიებისა და იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსასრულებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ.
როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, 2021 წლის 30 ნოემბრიდან 02 დეკემბრამდე მიმდინარე შეხვედრაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობა განიხილა.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2021 წლის 18 ნოემბერს, საიას წარმომადგენელმა მინისტრთა კომიტეტს, წერილობითი მოსაზრებების წარდგენასთან ერთად, შეხვედრის ფარგლებში გააცნო იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობა, ასევე, დამატებით მიმოიხილა 2021 წლის 05 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები.
საიამ მინისტრთა კომიტეტს მიმართა, არ დაეხურა აღნიშნული ჯგუფის საქმეებზე ზედამხედველობა, არამედ განეგრძო საქმეების განხილვა გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ და ზეპირი მოსმენით კიდევ ერთხელ განეხილა უახლოესი შესაძლებლობისთანავე. ასევე, მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა ის რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია იდენტობის ჯგუფის საქმეების სრული და ეფექტიანი აღსრულებისთვის.
ორგანიზაციის განცხადებით, მისასალმებელია, რომ, 2021 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მინისტრთა კომიტეტმა არ დახურა იდენტობის ჯგუფის საქმეები და განაგრძო მათზე ზედამხედველობა. ასევე, სახელმწიფოს მოუწოდა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ.
კერძოდ, საიას განცხადებით:
- კომიტეტი, ხაზს უსვამს რა სახელმწიფოს განუყოფელ ვალდებულებას, უზრუნველყოს გაძლიერებული დაცვა სიძულვილით მოტივირებული ძალადობისაგან და დაიცვას თანასწორობა, პლურალიზმი და ტოლერანტობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2021 წლის ივლისის მოვლენებთან („ღირსების მარში“) დაკავშირებით და მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოავლინოს მტკიცე პოლიტიკური ნება სიძულვილის დანაშაულთან საბრძოლველად და შეკრების თავისუფლების დასაცავად მკაფიო ნულოვანი ტოლერანტობის გზავნილის უმაღლეს დონეზე გადაცემის გზით.
- კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ლგბტი თემისა და აქტივისტების მშვიდობიანი შეკრების უფლების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, უსაფრთხოების ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფის გზით, და შედეგების შესახებ მოახდინოს კომიტეტის ინფორმირება.
- კომიტეტი, განიხილავს რა ინფორმაციას ღირსების 2021 წლის ივლისის მარშთან დაკავშირებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, ხაზს უსვამს ჯეროვანი გამოძიებისა და ადეკვატური სანქციების მნიშვნელობას დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე, მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია ზემოაღნიშნულ მოვლენებთან, ასევე, წარსულ შეკრებებთან, ეფექტიანად, სწრაფად, ყოვლისმომცველად იქნას გამოძიებული, აღმოფხვრას ნებისმიერი დისკრიმინაციული მოტივი და დაუყოვნებლივ მოხდეს ინდენტიფიცირება და დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი. დამატებით, კომიტეტმა მოსთხოვა ხელისუფლებას, რომ აცნობოს განახლებული ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.
- კომიტეტი კვლავ მოუწოდებს სახელმწიფოს, შექმნას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად სპეციალური დანაყოფი; იმავდროულად, მიმართოს ყველა ღონეს სიძულვილის დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებებში დისკრიმინაციული მოტივის გამოსაკვეთად, ისევე, როგორც დაზარალებულის ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად და სასწრაფო გამოძიების საწარმოებლად.
- კომიტეტი, მიესალმება რა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სტატისტიკის წარმოების ახალ სისტემას და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად შესაბამისი ტრენინგებისთვის გაწეულ ძალისხმევას, იმავდროულად, მოუწოდებს სახელმწიფოს, გააუმჯობესოს სტატისტიკური მონაცემების წარმოების სისტემა ანალიტიკური კომპონენტის წარმოებით.
- კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების მჭიდრო ჩართულობით განაგრძოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დისკრიმინაციულად მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
საიას განცხადებით, კომიტეტი 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობის განხილვას. ორგანიზაციის განცხადებით, საია განაგრძობს ამ ჯგუფის საქმეებზე აღსრულების მდგომარეობის მონიტორინგს და შესაბამის განახლებულ ინფორმაციას კვლავ მიაწვდის კომიტეტს.
5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია თბილისში
5 ივლისს თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.
მათ რუსთაველის გამზირზე ჯერ “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვები დაარბიეს, რომლებიც იქ რამდენიმე თვით ადრე გაიშალა, შემდეგ კი “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისებს დაესხნენ თავს.
პრაიდის ორგანიზებაში ჩართული აქტივისტები ჰყვებიან, რომ რამდენჯერმე შეიცვალეს ლოკაცია, ვინაიდან ძალადობრივი ჯგუფები მათ მარტივად აგნებდნენ. აქტივისტებისთვის ბუნდოვანია, როგორ ახერხებდნენ ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მათი ადგილსამყოფლის პოვნას მარტივად და სწრაფად.
დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.
აღნიშნულმა პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ათეულობით ჟურნალისტს სცემეს. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.
გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.
მეორე დღეს, 6 ივლისს, თბილისის ცენტრში შეიკრიბა ათასობით მოქალაქე, რომელთაც დაგმეს სიძულვილი და ჰომოფობია. ძალადობრივი ჯგუფები ამ დღესაც მობილიზდნენ ქუჩებში, თავს დაესხნენ რამდენიმე ადამიანს და არაერთგზის სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.
ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე, ჯამში, 30-მდე პირია დაკავებული.
დაკავებულები, ძირითადად, ჰომოფობიური აქციის მონაწილეები არიან. რაც შეეხებათ შეკრების ორგანიზატორებს: არაერთი მათგანი შსს-ს გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა იმავე დღეს გაათავისუფლა. ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები ამ დრომდე არ არიან დაკავებულები.