სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლონდა თოლორაიას თქმით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება არ ტოვებს კითხვის ნიშანს, რომ გადაწყვეტილება გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს.
როგორც თოლორაია “ფეისბუკზე” წერს, საქმის მასალებს არ იცნობს და ფაქტობრივ გარემოებებს ვერ შეაფასებს, თუმცა “ბუნებრივად ჩნდება კითხვები: რატომ ახლა? რატომ მაინც და მაინც თავისუფლების აღკვეთა?”
“ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს არა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას, არამედ სხვა, ნაკლებად მკაცრ არაერთ სასჯელს – ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას.
როცა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დაწყებიდან რამდენიმე წელია გასული და პირს (რომლის პატიმრობაში ყოფნის საჭიროება ამდენი წელია არ/ვერ იქნა დანახული) უნიშნავ ყველაზე მკაცრ სასჯელს (თავისუფლების აღკვეთას) ცხადია, არ ტოვებ კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს.
მით უფრო, გაუგებარია 220-ე მუხლის 2 ეპიზოდიდან ერთზე – თავისუფლების აღკვეთის, ხოლო მეორეზე – ჯარიმის გამოყენება”, — წერს ლონდა თოლორაია.
მისივე სიტყვებით, ევროკავშირის კითხვარში საქართველოს პირდაპირ ეკითხებიან, არის თუ არა ქვეყანაში გამამტყუნებელი განაჩენი ჟურნალისტების წინააღმდეგ და არის თუ არა რაიმე ზომები მიღებული უკანონო სამართლებრივი დავებისგან ჟურნალისტების დასაცავად.
“მაშინ როცა ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ამის გაკეთება არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი”, — დასძენს ის.
„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრალდებები, რომლებიც მას ჰქონდა წაყენებული, ეხება პერიოდს, როცა გვარამია ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გენერალურ დირექტორად მუშაობდა.
ბრალდებების ნაწილში გვარამია გამართლდა, ერთ-ერთი ბრალდების შემთხვევაში დაჯარიმდა, კიდევ ერთი, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის შემთხვევაში კი — თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გვარამია გამოძიებასა და ბრალდებებს თავიდანვე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.