გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, მიყვეს ყველა მოძალადე, ვინც ეს დაგეგმა!

გადადექით, სირცხვილია, ახალგაზრდები ხართ, შვილები ხომ გეზრდებათ?! – რაზე უნდა ვილაპარაკოთ მას მერე, როცა ლექსოს დავკრძალავთ, რაზე? საარჩევნო კანონმდებლობაზე? ცესკოს დაკომპლექტებაზე თუ რაზე? გადადექით, დაისაჯონ დამნაშავეები, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გრიგოლიას თქმით, ხელისუფლებამ ქართული მედიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მოაწყო.

„ჟურნალისტები არასდროს ითხოვენ აპლოდისმენტებს და არავინ უკრავს მათ ტაშს. არც ვითხოვთ, არც არის ეს ჩვენი საქმე, მაგრამ ლექსოს დავუკრათ ყველამ ერთად ტაში. ლექსო შეეწირა საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებას. ტაში დავუკრათ, კიდევ დავუკრათ დაყრუებულმა ღარიბაშვილმა იქნებ გაიგოს, დაყრუებულმა მწვანე შუქი, რომ აუნთო აქ მოძალადეებს. იმ დღეს ხელისუფლებამ მოაწყო სპეცოპერაცია ქართული მედიის წინააღმდეგ. ჩემს სიცოცხლეში პირველად გამოვდივარ მიტინგზე, თქვე არაკაცებო. მეგონა ისე მოვკვდებოდი, რომ ჩემს სათქმელს მხოლოდ მიკროფონიდან ვეტყოდი მაყურებელს, მეც არ მჯერა ამდენი ხალხის წინაშე პოლიტიკური მოთხოვნით რომ გამოვდივარ – გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, მიყვეს ყველა მოძალადე, ვინც ეს დაგეგმა. გადადექით, სირცხვილია, ახალგაზრდები ხართ, შვილები ხომ გეზრდებათ? მინდა მოგმართოთ, ასე ფსკერზე როგორ დაეცით, ჩვენს გარდაცვლილ კოლეგას რომ შეურაცხყოფთ, თქვენი ბრიფინგებით, უნამუსოებო. არ გვაინტერესებს თქვენი ექსპერტიზები, აღარც გავაშუქებთ ამას. საერთოდ აღარ მაქვს ხელისუფლების მიმართ კითხვები, რაზე უნდა ვილაპარაკოთ მას მერე, როცა ლექსოს დავკრძალავთ, რაზე? საარჩევნო კანონმდებლობაზე? ცესკოს დაკომპლექსტებაზე თუ რაზე? გადადექით, დაისაჯონ დამნაშავეები, დაისაჯონ. ბოლომდე ჩავყვებით. ჩვენი ტელევიზიის შესასვლელში ახლა, ამ წუთებში ლექსოს სურათის გვერდით დამტვრეული კამერები, დამტვრეული მიკროფონები დევს, თავზე რომ დაალეწეს ქართულ მედიას – აი, ეს არის თქვენი სახე“,- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამ წუთებში პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

 

guria.tv

მსგავსი სიახლეები