მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ რამდენიმე დღეა, რაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ სკვერის მოწყობა იგეგმება. თუმცა, მთავარი დეტალები, მაგალითად, რა დაჯდება მისი მოწყობა, როდის დასრულდება ან როგორი იქნება საბოლოო პროექტი – უცნობია.
სკვერის მოწყობის გადაწყვეტილება დროში დაემთხვა სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან გახშირებულ საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციის წინ და გააჩინა განცდა, რომ ტერიტორიის შემოღობვით საპროტესტო სივრცეს ართმევენ აქტივისტებსა და ოპოზიციას. შემოღობვამდე დროის მცირე მონაკვეთში მთავრობის ადმინისტრაციასთან არაერთი აქცია გამართეს ვოლტის კურიერებმა, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლებმა, ათორის დაზარალებულმა კლიენტებმა, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვა. “ქართულ ოცნებაში” ამ მოსაზრებას უარყოფენ და მას მანიპულაციას უწოდებენ.
სკვერის მოწყობა ისე დაიწყეს, რომ მერიისგან თანხმობა არ ჰქონიათ, თუმცა მთავრობას თბილისის მერმა კახა კალაძემ მისცა გარანტია, რომ ამ თანხმობას უწყება აუცილებლად გასცემდა, ეს ასეც მოხდა 10 აპრილს. მერიის პოზიციაა, რომ მათ თანხმობამდე ადგილზე მხოლოდ “მოსამზადებელი სამუშაოები” ჩატარდა და არა ძირითადი.
ოფიციალური რენდერების თანახმად, რომელიც თბილისის არიქიტექტურის სამსახურის საიტზე აიტვირთა, სკვერის შიგნით უნდა მოეწყოს ღობე, რომელიც ადმინისტრაციის შესასვლელ ნაწილს შემოღობავს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ღობის აღმართვას პოლიტიკური მოტივიც აქვს.
მათ მიაჩნიათ, რომ რაკი მთავრობის ადმინისტრაცისთან ხშირია საპროტესტო აქციები – ამგვარი სკვერის მოწყობით ხელისუფლება აქციების თავიდან არიდებას ცდილობს.
ნეტგაზეთი 12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა პასუხს მთავრობისგან შემდეგ კითხვებზე:
- რომელი კომპანია მოაწყობს სკვერს,
- რა დაუჯდება ის ბიუჯეტს,
- გამოცხადდა თუ არა შესაბამისი ტენდერი.
მთავრობიდან დღის ბოლოს გვიპასუხეს და გვითხრეს, რომ პასუხების მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა, რასაც სულ მცირე 10 სამუშაო დღე სჭირდება.
კითხვებზე არ გვიპასუხა არც ივანე ჯაფარიძემ, მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, რომელიც თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტზე სკვერის პროექტის დამკვეთადაა მითითებული.
„მიმართეთ პრესცენტრს“, – გვითხრა მან.
რატომ არის სკვერის ასე აშენება პრობლემა?
თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე ერთ-ერთია, ვინც მთავრობის წინ სკვერის მშენებლობას აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ 7 აპრილს – „ყოველგვარი გაფრთხილებისა და ნებართვის გარეშე“ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია შემოღობეს და მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს.
„როდესაც უვკე შევხედეთ შესაბამის დოკუმენტებს, ვნახეთ, რომ ნებართვაზე მოთხოვნა არქიტექტურის სამსახურში 7 აპრილს, ღამის საათებშია ატვირთული.
ამ ტერიტორიის ქვეშ [სადაც სკვერს აშენებენ], ანუ მოედნის ქვეშ მიწა არ არის. ეს არის მთავრობის კანცელარიის სპორტული კორპუსი. შესაბამისად, შენობის წინ არსებული მოედანი ამ დარბაზის სახურავია. მასზე არსებობს ექსპერტიზის დასკვნებიც, რომ კონსტრუქციები მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, რა პროექტი დამტკიცდება საბოლოოდ – ნერგებს შემოიტანენ აქ, სკამებს თუ სხვა და ეს ყველაფერი რამდენი ტონა იქნება, როგორ დააწვება შენობას – არავინ იცის“, – ამბობს ირაკლი ნადირაძე.
მერია სკვერის აშენებამდეც და ნებართვის გაცემის შემდეგაც აცხადებდა, რომ სკვერის მოწყობა I კლასის მშენებლობად ითვლება, შესაბამისად, ნებართვა სავალდებულო არ იყო.
თბილისსა და სხვა ქალაქებში კანონი თითოეული შენობის ტიპისთვის სხვადასხვა რეგულაციებს აწესებს. მათგან უმეტესობას მშენებლობის ნებართვა სჭირდება, თუმცა, პირველი კლასის მშენებლობები გამონაკლისია. ამის მიუხედავად, მას მაინც აქვს მკაცრი კრიტერიუმები:
I კლასის შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლები
ნადირაძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სკვერის მოწყობა პირველი კლასის მშენებლობა არ არის, რადგან სკვერი შენდება არა მიწაზე ან გრუნტზე, არამედ უკვე არსებული შენობის სახურავზე.
„ეს სინამდვილეში არის არსებული შენობის რეკონსტრუქცია – რადგან ხდება რამდენიმე ათწლეული წლის წინ აშენებულ შენობაზე დამატებითი კონსტრუქციების დადგმა და მისი დამძიმება, რაც შესაბამისი კვლევების გარეშე და ნებართვების გარეშე – უბრალოდ არ შეიძლება.
აუცილებლად განსასაზღვრია, სახურავი დამატებით რა დაწოლას გაუძლებს, ჩატყდება თუ არა. ამ დეტალების დასადგენად არაერთი კვლევის წარმოდგენას ითვალისწინებს მშენებლობის ნებართვა. თუ ამ დასკვნების გარეშე მოაწყვეს სკვერი – ეს ნიშავს იმას, რომ ქალაქში საშიშროების კიდევ ერთი კერა ჩნდება“, – განმარტავს ის.
ნეტგაზეთს დეპუტატმა რამდენიმე დოკუმენტი მიაწოდა, მათ შორის, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც 2022 წლის მაისით თარიღდება. კვლევა ბიუროს მთავრობამ დაუკვეთა და შენობის მზიდუნარიანობას სწავლობდა. დოკუმენტს თან ახლავს ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სპორტულ დარბაზში აუზიცაა გაკეთებული. ექსპერტებმა ასევე ფოტო გადაუღეს ბზარებსაც.
დარბაზი გარედან გამოიყურება ასე:
დასკვნით ნაწილში სამხარაულის ბიურო ამ შენობაზე დასაშვები დატვირთვის ოდენობაზე წერს:
„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ კვლევის შედეგად ლოკალურად დაზიანებული მზიდი კონსტრუქციები მოითხოვს უმოკლეს დროში აუცილებელ აღდგენას მაღალი სიმტკიცის ქვიშა-ცემენტის ხსნარის ან პოლიმერული მასალების დაფარვით.
ამრიგად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე მოედნის ქვეშ არსებული დარბაზის გადახურვის კოსტრუქციის მზიდუნარიანობა შეადგენს 0.73 ტ/მ2-ს ჰიდროიზოლაციის ფენის ჩათვლით. გასათვალისინებელია, რომ დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების პროცესში დასაზუსტებელი იქნება არსებული საფარის სისქე,“
„რადიო თავისუფლებას“ ტერიტორიაზე მომუშავე მუშებმა რამდენიმე დღის წინ უთხრეს, რომ ისინი „დელტა მშენებელმა“ დაიქირავა.
ამ კომპანიას ნეტგაზეთიც დაუკავშირდა. „დელტა მშენებლის“ წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ისინი მხოლოდ ტერიტორიის მოსაწესრიგებელ სამუშაოებს ასრულებენ. შესაბამისად, კვლავ უცნობია, ვინ უნდა განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები.
„დელტა მშენებლის“ 100%-იან წილს სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ფლობს.
ამჟამად მთავრობის კანცელარია სამშენებლო შავი ღობითაა შემოსაზღვრული. ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალეს.
„ფაქტობრივად, კანცელარიასთან, შევარდნაძის შემდეგ, ღობე არ ყოფილა. ჯებირებისა და გალავნების დემონტაჟი „ვარდების რევოლუციის“ დროს მოხდა. რადგან ეს იყო სიმბოლო, რომ მთავრობასა და ხალხს შორის ხელოვნური ჯებირები არ ყოფილიყო.
20 წლის შემდეგ, როდესაც დაიწყო სანქციები, აქციები, გამოსვლები და ა.შ. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ახალი გალავნის მშენებლობა, უბრალოდ შეფუთეს ეს ყველაფერი, ვითომცდა სკვერს აშენებენ. რეალურად კი მათივე პროექტში ჩანს, რომ მთავრობის კანცელარიასა და ე.წ. სკვერს შორის მაღალი რკინის გალავანია გათვალისწინებული, რაც მოქალაქეებს იქ თავისუფალ გადაადგილებას შეუზღუდავს და ასევე მოსპობს თავისუფალი შეკრებისა და პროტესტის სივრცეს. ეს იყო მათი მთავარი მიზანი“,- ამბობს ირაკლი ნადირაძე ნეტგაზეთთან.
წყარი: netgazeti.ge