თუ ნავთობის ფასი $100-მდე ავა, საწვავი კიდევ 20 თეთრით გაძვირდება – “ბიოლი”
საერთაშორისო ფასების ზრდის ფონზე, ქართული ბენზინგასამართი სადგურების წარმომადგენლების უმეტესობა საწვავის კიდევ უფრო გაძვირებას ელის.
როგორც “ბიზნეს ფორმულას” “ბიოლში” განუცხადეს, ბარელი ნავთობის ფასის $100-მდე ზრდის შემთხვევაში, საქართველოში საწვავის 20 თეთრით გაძვირებაა მოსალოდნელი.
“მსოფლიოში ენერგეტიკული კრიზისია. არსებობს მოლოდინი რომ ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე ავა. ამ შემთხვევაში, ჩვენც ველოდებით საწვავის დაახლოებით 20 თეთრით გაძვირებას”,- აცხადებს “ბიოილის” დამფუძნებელი რუსუდან რამაზაშვილი.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის ფართოდ მოხმარებადი, რეგულარის ტიპის საწვავის საშუალო ფასი 3.15 ლარია.
10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით, ლონდონის სანავთობო ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $82.64 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ნავთობის ფასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, Bank of America-ს ანალიტიკოსების განცხადებით, გლობალური ენერგეტიკული კრიზისი 2014 წლის შემდეგ პირველად, ნავთობის ფასის ბარელზე $100-მდე გაზრდას შეუწყობს ხელს.