„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც წინ წასწევს ევროინტეგრაციას“, – აღნიშნა მან.
როგორც ელჩი განმარტავს, ეს კითხვარი შეიცავს საკმაოდ ბევრ დეტალურად გაწერილ შეკითხვას, რომლებსაც საქართველოს მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი. შეკითხვების მიზანია დაეხმაროს ევროკომისიას, შეაფასოს საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებით.
კარლ ჰარცელმა სამი ძირითადი კრიტერიუმი დაახელა:
- მიაღწია თუ არა საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუციების სიმყარეს: გარანტიები დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, უმცირესობის უფლებების თვალსაზრისით;
- რამდენად მყარია საბაზრო ეკონომიკა და რამდენად თავსებადია იგი ევროკავშირის ეკონომიკებთან;
- შეძლებს თუ არა საქართველო ეფექტიანად აღასრულოს ევროკავშირის წევრობის ვალდებულებები – პოლიტიკური, ეკონომიკური, მონეტარული კავშირის მოთხოვნები.
დიპლომატი ასახელებს ვადას, რომელიც საქართველოს აქვს კითხვარზე პასუხების გასაცემად. მისი განცხადებით, ვადები მკვეთრად შემცირებულია.
„როგორც გახსოვთ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 7 მარტს თავისი მოსაზრებებით გაეზიარებინა სამი განაცხადი (საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის). ეს არის, ასე შეიძლება ვუწოდოთ, ამ პროცესის პირველი ნაბიჯი.
რაც შეეხება დროში გაწერას, გრაფიკს, კომისიას დღევანდელი დღიდან 4 კვირა აქვს იმისთვის, რომ ამ კითხვარზე პასუხები მიიღოს.
პრინციპში საკმაოდ მცირე დროა, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ შემცირებულია შეკითხვების რაოდენობა წინა გაწევრიანების შემთხვევებთან შედარებით, რათა დაჩქარდეს ეს პროცესი, ამ შეკითხვებზე გაცემული პასუხების საფუძველზე. შეფასებების მიხედვით, ოფიციალური მოსაზრებები უკვე გაიგზავნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის საბჭოში, რომლებიც უკვე დაფიქრდებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ შემდეგ ნაბიჯის შესახებ“, – განაცხადა ჰარცელმა.
ევროკავშირის ელჩი მიიჩნევს, რომ ახლა არის განსაკუთრებული დრო და ევროკომისია უზრუნველყოფს პროცესის განსაკუთრებულად სწრაფად წარმართვას.
„მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი არასოდეს არ ყოფილა გაწევრიანების ასეთ სწრაფ გზაზე. მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური პროცესი გახლავთ ეს როგორც ევროკავშირისთვის, ასევე განმცხადებელი ქვეყნისთვის.
ჩვენ ამ წუთას ვხედავთ ყველაზე სწრაფ პროცესს, რაც კი შეუძლია ევროკავშირს განახორციელოს. ჩვენ შეგვიძლია ხაზი გავუსვათ ისტორიულ მომენტს, რაც აქვს ამ განაცხადის პროცესს. ეს არის ისტორიული მომენტი, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ბევრი გამოწვევაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პერსპექტივები იყოს გამოყენებული და გადალახული იყოს გამოწვევები. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ყველა პოლიტიკური მხარისათვის, რათა გააკეთონ მაქსიმუმი, რომ იყოს ერთობა ამ მიზანთან მიმართებაში და გააკეთონ მაქსიმუმი, რაც საჭიროა რეფორმების დღის წესრიგის გააქტიურების და საქართველოს როლის გააქტიურებისთვის, მისი მზადყოფნისთვის მსოფლიოსა და ევროპაში. მოსახლეობის ასეთი დიდი რაოდენობა ემხრობა ევროპულ მისწრაფებას. ახლა ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის. დიდი და რთული სამუშაო იწყება“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.
დღეს, 11 აპრილს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი ჩაიბარა. ეს დოკუმენტი ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, გადასცა.