“წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში!” – პენიტენციური სააკაშვილის ახალ ვიდეოს ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კიდევ ერთ ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეომასალას მონტაჟის კვალი ეტყობა და სრულად არ ასახავს სააკაშვილსა და დაწესებულების თანამშრომლებს შორის კონფლიქტს.
გამოქვეყნებული კადრები ასახავს პატიმრის პროტესტს, რომელიც უარს ამბობს საკუთარი ნებით გლდანის სამკურნალო დაწებულებაში შესვლაზე.
“რას ნიშნავს დავმშვიდდე, პუტინის დავალებას ასრულებთ, ივანიშვილის ლეკვო. წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში!.. მომისმინეთ კარგად, არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამ ჩემი ფეხით. არცერთ მავთულს არ მივიერთებ ჩემი ნებით, ვერცერთ სამედიცინო პროცედურას ვერ ჩამიტარებთ ჩემი ნებით… თქვენ ხართ უკანასკნელი ნაძირლები, თქვენ არ ხართ ადამიანები. შენ ხარ მკვლელი… მე აქედან ჩემი ფეხით არ ჩამოვალ, წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში…” – ამბობს სააკაშვილი.
პენიტენციური სამსახური ამჯერადაც მაღალი საჯარო ინტერესით ხსნის სააკაშვილის ვიდეოს გავრცელებას.
“კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რადიოთავისუფლება