Financial Times: „აშშ–მა მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთმა მზაობა გამოხატა რუსეთისთვის სამხედრო მხარდაჭერის თაობაზე“
აშშ–მა პარტნიორებს აცნობა, რომ ჩინეთი იძლევა „სიგნალს“ მისი მზაობის შესახებ, სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს რუსეთს,– იუწყება Financial Times აშშ–ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა წერს, ჩინეთის მზაობის შესახებ ცნობები აშშ–ს დიპლომატიური არხებით მიაწოდეს.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ევროპასა და აზიაში მოკავშირეებისთვის გაგზავნილ წერილებში არ არის აღნიშნული, იძლევა თუ არა ჩინეთი მინიშნებებს, რომ რუსეთს მომავალში დაეხმარება. ასევე არ არის ცნობილი, დაიწყო თუ არა მან რუსეთისთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენა.
ანალოგიური ინფორმაცია მიიღო CNN-მაც. კერძოდ, მედიასაშუალება წყაროზე დაყრდნობით, რომელიც დაზვერვასთან არის კავშირში, წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, გაუწევს თუ არა ჩინეთი რუსეთს დახმარებას, თუმცა ჩინეთმა გარკვეული მზაობა გამოხატა.
“ზოგიერთი მართლაც შეშფოთებულია იმით, რომ დახმარების გაწევით [მათი მონაწილეობით] ჩინეთს, შესაძლოა, დასავლეთთან ეკონომიკური კავშირები გაუფუჭდეს”, – თქვა წყარომ.
CNN-ი წერს, რომ ოფიციალური პირები ასევე აკვირდებიან ჩინეთს სხვა ტიპის დახმარების ნაწილშიც, მაგალითად რაც შესაძლოა გაეროში ხმის მიცემის დროს თავშეკავებაში გამოიხატოს.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, ამერიკა “ძალიან ყურადღებით აკვირდება ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს, იმასთან დაკავშირებით, ეხმარებიან თუ არა ისინი რუსეთს მატერიალურად, ეკონომიკურად ან რაიმე სხვა ტიპის მხარდაჭერით”.
მოგვიანებით Twitter–ზე Politico-ს ჟურნალისტმა პოლ მაკლერიმ პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი უშვებს ჩინეთისთვის მოსალოდნელ შედეგებს, თუ ის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს რუსეთს.
„თუ ჩინეთი რუსეთს მატერიალურ მხარდაჭერას შესთავაზებს უკრაინაში [ომის წინააღმდეგ – რედ.], ამას ალბათ, შედეგები მოჰყვება. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ამართლებდა ჩინეთი რუსეთის ქმედებას, უარი თქვა სანქციებს შეერთებოდა და დაადანაშაულა [ესკალაციაში] დასავლეთი და აშშ“,– ციტირებს ჟურნალისტი პენტაგონის წარმომადგენელს.
ცნობისთვის: მანამდე Financial Times–მა დაწერა, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართა. ინფორმაციას როგორც ჩინეთში, ისე რუსეთში სიცრუე უწოდეს.