საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო კომენტარს აკეთებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით. ისინი მოქმედი ორი წევრის სანაცვლოდ შეირჩნენ, რომელთა ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ცნობილი არ იყო.
ამერიკის საელჩო აკრიტიკებს პროცესს, რომელიც მისი განცხადებით, “არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე” არ იყო და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ “ეთიკური სასამართლო სისტემა ქვეყნის კანონის უზენაესობასთან შესაბამისობის ხერხემალია”. ამასთან, საელჩო აღნიშნავს, რომ ეს ყოველივე მოხდა 31 ოქტომბერს, მაშინ როცა ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე.
საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“31 ოქტომბერს, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე, სასამართლომ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, მოქმედი ორი წევრის სანაცვლოდ, რომელთა ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი. პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე. თითოეულ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი. ვადამდელი გადადგომის შედეგად წარმოშობილი ვაკანტური პოზიციების შევსების თაობაზე განცხადება გაკეთდა მცირე ხნით ადრე. არ ყოფილა კონსულტაციების ან მონაწილეობის შესაძლებლობა ფართო სპექტრის კვალიფიციური კანდიდატებისთვის და არც სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართულობის შესაძლებლობა. დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით.
შეერთებული შტატები დიდი ხანია ესწრაფვის კვალიფიციური და საქმისადმი ერთგული მოსამართლეთა კორპუსის ჩამოყალიბებას და, ამავდროულად, მოუწოდებს რეფორმების განხორციელებისკენ, რომელიც იმ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების შესაძლებლობას გააჩენს, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას. [რეფორმებს] შორისაა საკანონმდებლო ცვლილებები კორპორატივიზმის თავიდან აცილებისა და დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების უზრუნველყოფისთვის. სასამართლო სისტემის ლიდერები ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემას უსამართლოდ აკრიტიკებენ გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების, დაწინაურების ან ცვლილების არარსებობის გამო. თუმცა, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება, რომელმაც უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ნდობა დანიშვნების პროცესის, კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. სასამართლო სისტემის ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი, რომელიც დახურული სისტემის გამო გამოთიშულია ამ პროცესიდან, უკეთესს იმსახურებს.
ეთიკური სასამართლო სისტემა ქვეყნის კანონის უზენაესობასთან შესაბამისობის ხერხემალია. ნდობა დამოუკიდებელი და პროფესიონალი სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ხალხს ემსახურება, უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილური ზრდისა და ქართული და უცხოური ბიზნესინვესტიციების მოსაზიდად. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომელიც გაზრდის ანგარიშვალდებულებას, პროფესიონალიზმსა და გამჭვირვალობას და დაეხმარება საქართველოს, მიიღოს ისეთი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს და რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, – აცხადებს საელჩო.