დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობის ადამიანების თავშეყრა აკრძალულია, ამ რეგულაციის დაცვა არ ხდება, „ამიტომ კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება“.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, გაიცა რეკომენდაცია, რომ ინფიცირებული ადამიანების იზოლაციისთვის სასტუმროებში შესაბამისი რაოდენობის ოთახები გამოიყოს, რათა „გადაცემის ჯაჭვი რაც შეიძლება მალე გაწყდეს“.
„დღეს საბჭოზე განვიხილეთ აცრების კიდევ უფრო ინტენსიურად ჩატარების, ასევე, პირბადის მაქისმალურად ტარების საკითხი – ეს უნდა იყოს დახურულ სივრცეში მანდატორულად, ღია სივრცეებში კი, სადაც ადამიანები იკრიბებიან, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ამასთან, მთავარია თავშეყრების სრული აკრძალვა – ქელეხი, ქორწილები, კონცერტები. აუცილებელი იქნება საზღვრებზე დამატებითი კონტროლი, რომ ნაკლებად შემოვიდეს საეჭვო ინფიცირებული და ასევე, მეტი ადგილის მობილიზება იყოს სასტუმროებში. დღეს გაიცა რეკომენდაცია, რომ მობილიზებული იყო ოთახების შესაბამისი რაოდენობა, რათა როგორც ინფიცირებული, ასევე მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები, ვისაც სახლში იზოლირების პირობები არ აქვს, გადაყვანილი იყოს სასტუმროში, რათა გადაცემის ჯაჭვი რაც შეიძლება მალე გაწყდეს.
ქორწილები და ქელეხები, დიდი რაოდენობის ადამიანების თავშეყრა აკრალულია, მაგრამ ამის დაცვა არ ხდება, ამიტომ კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.