მეგობრებო, რადგან ძალიან ბევრი მწერთ, სათითაოდ ვეღარ გპასუხობთ და აქ გიწერთ ზუსტ გზამკვლევს, თუ როგორ უნდა გაასაჩივროთ ჯარიმები სრულიად უფასოდ.
პროცესი იყოფა ორ ნაწილად, გააჩნია ვინ დაგაჯარიმათ:

ნაწილი 1: თუ ჯარიმა მერიისაა (პარკირება, ზოლები და ა.შ.)

პირველი ეტაპი (მერიაში გასაჩივრება): მიდიხართ ნებისმიერ გამგეობაში ან მერიის სერვისცენტრში და ავსებთ ადგილზე დახვედრილ საჩივრის ბლანკს.

ზეპირი განხილვა (დროის კარგვაა): ამის შემდეგ დაგირეკავენ პარკირების სამსახურიდან და დაგიბარებენ ზეპირ განხილვაზე. მისვლას აზრი არ აქვს, მაინც ძალაში ტოვებენ. ორჯერ დაგიბარებენ, არ მიხვალთ და თქვენს გარეშე განიხილავენ.

დადგენილების ჩაბარება: მერიის უარს (დადგენილებას) ფოსტით გამოგიგზავნიან სახლში. ყურადღება! ფოსტის ჩაბარებიდან გაქვთ ზუსტად 10 დღე სასამართლოში შესატანად.

უფასო სარჩელის მომზადება: ჩაბარებული დადგენილებით მიდიხართ ისევ ნებისმიერ გამგეობაში, კაბინეტში „ჩემი ადვოკატი“. იქ იურისტები სრულიად უფასოდ დაგიწერენ სასამართლოს სარჩელს (სჭირდებათ 2-3 დღე).

სასამართლო და ჯარიმის შეჩერება: მომზადებულ სარჩელს მიიტანთ თბილისის საქალაქო სასამართლოში (აღმაშენებლის ხეივანზე). იქ მოგცემენ ჩაბარების ფურცელს. ამ ფურცელს მიიტანთ ისევ გამგეობაში და ჯარიმა ოფიციალურად გიჩერდებათ სასამართლოს დასრულებამდე.

ნაწილი 2: თუ ჯარიმა საპატრულოა (შსს)

პირველი ეტაპი (შსს-ში გასაჩივრება): მიდიხართ კახეთის გზატკეცილზე, შსს-ს დაწესებულებაში (ე.წ. მე-12 ოთახში) და წერთ პირველად საჩივარს.

პასუხის მიღება: შსს-ს გადაწყვეტილება (დადგენილება) მოგივათ ტელეფონის ნომერზე (ან ლინკის სახით). ამობეჭდავთ ამ პასუხს.

უფასო სარჩელის მომზადება: ამობეჭდილი პასუხით მიდიხართ ნებისმიერ გამგეობაში, კაბინეტში „ჩემი ადვოკატი“ და იურისტები აქაც უფასოდ გიმზადებენ სასამართლო სარჩელს.

სასამართლო და ჯარიმის შეჩერება: სარჩელს აბარებთ საქალაქო სასამართლოში (აღმაშენებლის ხეივანზე), იქიდან წამოღებულ ჩაბარების ფურცელს კი მიიტანთ ისევ კახეთის გზატკეცილზე (მე-12 ოთახში) და ჯარიმა ჩერდება.

მთავარი პლუსი: მთელი ეს პროცესი, იურისტის მომსახურება და საბუთების მომზადება არის 100%-ით უფასო! არ შეეგუოთ, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის.
facebook ჯგუფში “ჯარიმები” მომხმარებელი წერს თუ როგორ უნდა გასაჩივრდეს ჯარიმები!