პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან საკრებულოს ოპოზიციონერი, მოშიმშილე დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანა. დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა საკრებულოს წევრი მაია კალანდია.
საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გაიტანეს ის ლეიბები და პირადი ნივთები, რომელიც მოშიმშილეებმა სხდომათა დარბაზში დღეს, 17 ნოემბერს შეიტანეს.
ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული ოპოზიციონერი წევრები საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაბანაკდნენ, რათა წინა მოწვევის საკრებულოსთვის ბიუჯეტის მიღების საშუალებას არ მიეცათ.
ენმს- წევრის ანი წითლიძის თქმით, პოლიცია „ქართული ოცნების“ დავალებას ასრულებს.
ზუგდიდსა და ბათუმში, სადაც ახლად არჩეული საკრებულოები ოპოზიციურია, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ძველმა საკრებულოებმა დაიწყეს. ენმ-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური საკრებულოების მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შიშით არის განპირობებული, “ოცნებაში” კი ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.
15 ნოემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვები დაიწყო. გაიწერა ბიუჯეტის პროექტის განხილვების გრაფიკი, რომელიც ერთ დღეში (16 ნოემბერს) ფრაქციებში და არასამთავრობო სექტორთან 4 სხდომის გამართვას ითვალისწინებს და განხილვების დაჩქარებულ ტემპზე მიუთითებს.
ფოტოზე: მაია კალანდია, რადიო თავისუფლება
netgazeti.ge