ვინ არიან პუტინთან დაახლოებული პირები, რომელთაც აშშ სანქციებს უწესებს – სია

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირებს ასახელებს, რომელთაც სანქციები უწესდებათ.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ „რუსეთის ელიტისთვის“ დასაწესებელი სანქციები შეეხებათ შემდეგ პირებს:

  1. დენის ბორტნიკოვი – რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ფსბ) დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის შვილი. იკავებს „ვი-თი-ბი“ ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას;
  2. პიოტრ ფრადკოვი – რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის (სვრ) ყოფილი დირექტორის, მიხაილ ფრადკოვის შვილი, „პრომსვიაზბანკის“ გენერალური დირექტორი;
  3. ვლადიმერ კირიენკო – რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს შვილი. „VK Group“-ის (რუსეთის უმსხვილესი სოციალური ქსელის, „ვკონტაქტეს“ მფლობელი კომპანია) გენერალური დირექტორი.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, პუტინთან დაახლოებული ელიტები რუსეთის პრეზიდენტთან სიახლოვეს იყენებდნენ ბერკეტად იმისათვის, რომ გაეძარცვათ რუსეთის სახელმწიფო, გამდიდრებულიყვნენ რუსი ხალხის ხარჯზე და თავიანთი ოჯახის წევრები უმაღლეს თანამდებობზე დაენიშნათ.

მათივე განცხადებით, ოლიგარქები, რომლებიც სანქციების ქვეშ მოხვდნენ, ოჯახის წევრებს აქტივების გადასატანად და თავიანთი დიდი ქონების დასამალად იყენებენ.

დღევანდელი სანქციებით, ზემოთ ჩამოთვლილ პირების საკუთრებაში არსებული აქტივი, რომელიც იმყოფება შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში, ან კონტროლის ქვეშ, დაბლოკილია. მათ შესახებ უნდა ეცნობოს საგარეო აქტივების კონტროლის სამსახურს. გარდა ამისა, ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან მთლიანობაში (50 პროცენტით ან მეტით) იმყოფება ერთი ან მეტი სანქცირებული პირის მფლობელობაში, ასევე დაბლოკილია.


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ საპასუხოდ რუსეთს სანქციების პირველი ტრანში დაუწესა.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დაწესდება შემდეგი სანქციები:

  • დაუწესდება სანქციები რუსულ ბანკებს – „რუსეთის სახელმწიფო განვითარების კორპორაციას“ (VEB) და რუსეთის სამხედრო ბანკებს;
  • დაწესდება სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალზე – მოსკოვს აეკრძალება სახელმწიფო ვალის ობლიგაციების განთავსება ამერიკულსა და ევროპულზე.

ასევე, ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დაწესდება სანქციები „რუსული ელიტისა და მათი ოჯახების“ წინააღმდეგ. მისივე თქმით, გერმანიასთან ერთად „ყველაფერი გაკეთდება, „რათა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-მა მუშაობა ვერ დაიწყოს“.

ბაიდენის განცხადებით, პუტინის გუშინდელი განცხადება არის მომავალი, უფრო მასშტაბური აგრესიისთვის ნიადაგის მომზადება. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა , რომ 2014 წელთან შედარებით, ვაშინგტონი ბევრად უფრო მკაცრ სანქციებს დააწესებს.

ბაიდენმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

მსგავსი სიახლეები