აშშ-ს სახ.დეპარტამენტი: წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი ამბობს, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკურმა აქტორმა მკაცრად უნდა დაგმოს ძალადობა, 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები კი ზედმიწევნით უნდა იყოს გამოძიებული. პრაისმა ამის შესახებ ყოველდღიურ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც მას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დაუსვეს კითხვა. სიტყვა მან ლექსო ლაშქარავას ოჯახის მიმართ სამძიმრით დაიწყო და თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყურადღებით აკვირდებიან პროცესებს და მსჯელობენ სანქციების შესაძლო გამოყენებაზეც.
“სამძიმარს ვუცხადებთ ლექსოს ოჯახს. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე შეიწირა ერთი სიცოცხლე ტრაგიკულად.
ქართველი ჟურნალისტების უსაფრთხოება და დემოკრატიის სანდოობა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა ინდივიდუალური პირი რომელიც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ასევე ისინი ვინც წააქეზა ძალადობა, იქნას იდენტიფიცირებული დაკავებული და მათ აგონ კანონის მთელი სიმკაცრით. ლიდერებს საქართველოში და სამართალდამცველ უწყებას შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობასაც, რომ დაიცვან ჟურნალისტები და მედიის თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ საქართველოში ყველამ, მათ შორის ხელისუფლებამ, საჯაროდ დაგმოს ასეთი ძალადობა. მისი ადგილი არაა დემოკრატიაში.
ჩვენ ამაყად განვაგრძობთ ძალისხმევას მსოფლიოს გარშემო, რომ დავიცვათ ლგბტქი მოსახლეობა ძალადობის, დისკრიმინაციის, კრიმინალიზაციისა და სტიგმისგან. ვცდილობთ გავაძლიეროთ ლგბტქი+ მოძრაობები და ადამიანები. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტქი ჯგუფების წინააღმდეგ და ასეა ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვგმობთ სასტიკ ძალადობას თქვენი ყოფილი კოლეგის მიმართ, რომელიც გარდაცვლილია.
პრემიერ-მინისტრის მომავალს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს არის გადაწყვეტილება რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ მიმართ ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაში მსოფლიოს გარშემო. სანქციები ნამდვილად არის ამ მექანიზმებიდან ერთ-ერთი. როგორც იცით, წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ შემოვიღებთ მას, მაგრამ თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით.
გვინდა დავინახოთ, რომ ყველა ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგოს. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, კვლავაც მოვუწოდებთ მათ, რომ საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებ, ჩვენ მოწოდებას ზედმიწევნით გამოიძიონ ეს საქმე და შედეგად სამართლის წინაშე აგონ პასუხი ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენებმა” – თქვა ნედ პრაისმა.
წყარო/Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/31356938.html
ის რამდენიმე დღის წინ 5 ივლისს განვთარებულ ვითარებას თვითერზეც გამოეხმაურა და დაგმო ძალადობა თბილისში.