“დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არამხოლოდ 9 აპრილს დაღუპული გმირებისთვის. ეს ყვავილები ასევე ამკობს იმ გმირებს, ქართველებს თუ უკრაინელებს, რომლებიც დღეს იბრძვიან ზუსტად იგივე იდეებისთვის, იგივე იდეალისთვის, იგივე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
ჩვენი მაგალითი არის ის, რომ 1989 წლის 9 აპრილის მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის იმის იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისთვის და ჩვენ ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს.
უნდა ვიდგეთ ჩვენი უკრაინელი ძმების გვერდით. ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს არის რუსეთი”, — დასძინა პრეზიდენტმა.
პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან დილიდან მიდიან მოქალაქეები, ადგილზე ყვავილებსა და სანთლებს ტოვებენ და 33 წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.
შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 – მოგვიანებით, საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ,ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს, ათასობით კი მოიწამლა.