ჩვენზე არ გაუმარჯვია არც ერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს, კობახიძისნაირი „მეჩაიე, ერთჯერადი დეპუტატები“ ვერ დაგვამარცხებენ – რა ფალავანდიშვილი და რა კობახიძე, ერთნაირ ტექსტებს ლაპარაკობენ,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ- ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში განაცხადა.
მისი შეფასებით, კობახიძე და სხვები “ქართულ ოცნებაში” ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები არიან, რომლებიც არასდროს არც ერთი ხელისუფლების ოპოზიციაში არ ყოფილან.
“ეს ის ხალხია, რომელიც “ვინც მოვიდა გაუმარჯოს” კატეგორიიდან არის. “ქართული ოცნების” ოპოზიციაში ყოფნის დროს არ ყოფილან ოპოზიციაში, არც ერთი ხელისუფლების მიმართ არ ყოფილან პროტესტანტები, არც 7 ნოემბერს და არც 2009 -ში ყოფილან მიტინგების დროს. ეს არის გახელისუფლებულ “ქართულ ოცნებაში” ბიძინა ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები, რომლებიც უკადრებელს კადრულობენ. როცა არ გაქვს საკუთარი პრინციპები, წონა, ტრადიცია, რასაც დაგავალებენ იმას იტყვი. კომუნისტებიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლება ებრძოდა “რესპუბლიკურ პარტიასაც” და ძმებ ბერძენიშვილებსაც, რომელმა იხეირა? ჩვენ არ დავმარცხებულვართ არც ერთ ხელისუფლებასთან, ჩვენზე არ გაუმარჯვია არც ერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს, ახლა კობახიძისნაირი „მეჩაიე, ერთჯერადი დეპუტატები“ ვერ დაგვამარცხებენ,”- განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, კობახიძის განცხადება ემსახურება იმ გადაწყვეტილების პოლიტიკურ განულებას, რომლითაც ის და ხათუნა სამნიძე დაზარალებულად ცნეს.
“რაც შეეხება საქმის არსს, რატომ დაიწყო ამ ტექსტით დღეს საუბარი “ქართულმა ოცნებამ”, მისმა საუფროსომ პარლამენტში – მე და ხათუნა სამნიძეს დაზარალებულის სტატუსი მოგვანიჭა გუშინდელი თავდასხმის შემდეგ ხელისუფლებამ, ეტყობა ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმა, ვინც რაღაც საქმეს მოკიდა ხელი, ეს ტექსტი და კობახიძის და მისი პარტნიორების მხრიდან მოწოდებები, პრაქტიკულად არის ამის პოლიტიკური განულება. პრაქტიკულად ხელისუფლება ეუბნება მის „ორკებს“ რომ ხსნილია, რომ “სიწმინდეებს გვიბღალავენ, იდენტობას ვიცავთ.” ეს ზუსტად ის სიტყვებია, რაც მე გუშინ მითხრა იქ დამხვედრმა კაცმა – ჩვენს სიწმინდეებს ერჩით, ჩვენს იდენტობას. ეს არის ის ტექსტები და ვეთანხმები სალომე სამადაშვილს, რომ კოლექტიური კობახიძეა „ქართული ოცნება“, არიან „ორკები“ და „ორკების“ კოლექტიური სახელი. რა ფალანავანდიშვილი და რა კობახიძე – ერთი და იგივე ტექსტებს ლაპარაკობენ,”- განაცხადა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. მათი ინფორმაციით, თავდასხმა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.
დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბერძენიშვილის განცხადებები ერეკლე მეორესთან დაკავშირებით იყო შეტევა და შტურმი ეროვნულ იდენტობაზე.
“ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება? რომ არ იცის ზუსტად ამიტომ აკეთებს ამ განცხადებებს“, – განაცხადა კობახიძემ.