“სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის” (CDMC) განცხადება!

“სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი” CDMC განცხადება!

პირველ რიგში უნდა აღინიშნოის, რომ მიუხედავად იმ ხელისშემშლელი გარემოებებისა, რაც ჩვენს მიმართ სახელისუფლებო ძალების მხრიდან იქნა განხორციელებული და რაც ყველამ კარგად ვიხილეთ, ჩვენი ორგანიზაცია აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ყოველდღიურად გვიკავშირდება ძალიან ბევრი ადამიანი და გვიცხადებს მხარდაჭერას. შესაბამისად ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას გაათმაგებული ძალებით და განახლებული შემადგენლობით. ყოველთვის ვიძახდით სიმართლეს, ვსაუბრობდით ფაქტებით და ამას დაუღალავად გავაგრძელებთ.

შეგახსენებთ, რომ უკვე ორი კვირაა რაც ჩამორთმეული გვაქვს ოფისის ტექნიკა, პირადი მობილური ტელეფონები და პირადი ნივთები, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან დღემდე არ მიგვიღია რაიმე სახის განმარტება თუ რა შუაშია ჩვენი ორგანიზაცია მათ მიერ დაწყებულ გამოძიებასთან. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ არანაირი კავშირი არ გვაქვს რაიმე სახის სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებასთან, არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ გაგვაჩნია და საერთოდ წარმოუდგენელია ჩვენთვის რა ინფორმაციის გამჟღავნებაზეა საუბარი. შესაბამისად, აღნიშნული მოცემულობა ცხადყოფს, რომ ეს პროცესები გახლავთ პოლიტიკური ნიშნით დევნის ცალსახა გამოვლინება, რის შესახებაც ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს და ამ ყველაფერს ფაქტებით დავადასტურებთ.

ის რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ჩვენი ორგანიზაციის მიმართ განხორციელდა, გახლდათ „იაფასიანი აგენტის“ დაწერილი ცნობის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიება, რომლის ერთადერთი მიზნობრიობა ორგანიზაციის პარალიზება და გაჩერება იყო, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნეთ ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ფაქტებით საუბარს. ამასთან, ბოლო პერიოდში გაძლიერებული იყო ორგანიზაციის მიმართ „ანტიპიარი“ და ნეგატიური კამპანია, მათ შორის ვითომ ოპოზიციური ძალების მხრიდან, რასაც ამ ეტაპზე არ დავაკონკრეტებთ.

როდესაც ჩვენი ორგანიზაცია ასპარეზზე გამოჩნდა, ჩვენ არაერთხელ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ არანაირი პოლიტიკური ინტერესი ან პოლიტიკაში ჩართვის სურვილი არ გვქონდა, თუმცა დღეის მდგომარეობით წარმოჩენილმა გარემოებებმა დაგვაყენა გარდაუალი მოცემულობის წინაშე, ჩავერთოთ და მონაწილეობა მივიღოთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგში.

განვმარტავთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის წევრები და გულშემატკივრები ვართ პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები, გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება საარჩევნო თუ პოლიტიკური მიმართულებით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ჩავერთოთ პოლიტიკურ პროცესებში, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენი გუნდის წევრები, გულშემატკივრები, მხარდამჭერები და მეგობრები გადანაწილდებიან გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და სოსო გოგაშვილის პარტია „სახალხო პარტიის“ რიგებში. ასევე, დავეხმარებით ყველა ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიას.

მსგავსი სიახლეები