სააკაშვილის მოსანახულებლად მივმართეთ ბრეგაძეს, პასუხი არ მიგვიღია — უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის სახალხო დამცველი ლიუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მოსანახულებლად ყველა დოკუმენტაცია გადაუგზავნა იუსტიციის მინისტრს, თუმცა პასუხი არ მიუღია.

„მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საჭირო ყველა განცხადება იუსტიციის მინისტრს უკვე გავუგზავნეთ, პასუხი, ჯერჯერობით, არ გვაქვს. მიხეილ სააკაშვილის მიღებულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ადამიანის უფლებების დამცველ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მყისიერად ვუგზავნი.

იმედი მაქვს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრას შევძლებ, სააკაშვილის ადვოკატებისგან და ექიმებისგან მისი ჯანმრთელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა მივიღო. ძალიან ვნერვიულობთ, რომ უკრაინის მოქალაქე ამ დღეში იმყოფება,“ — აცხადებს ლიუდმილა დენისოვა, მისი სიტყვების თარგმანს „მთავარი არხი“ ავრცელებს.

დენისოვა ასევე დასძენს, რომ მნიშვნელოვანია სააკაშვილი შესაფერის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ;

„გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული ქმედებები, თავისუფლად შეგვიძლია წამებად შევაფასოთ. უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია უცვლელია და მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასა და მის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს,“ – ამატებს უკრაინის სახალხო დამცველი.

ნეტგაზეთმა აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვით მიმართა იუსტიციის სამინისტროს. პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ორი ვიდეო 11 ნოემბერს გაავრცელა.

პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

მსგავსი სიახლეები