ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საერთაშორისო კონსორციუმის ექიმები შეისწავლიან და დასკვნასაც დადებენ.
როგორც მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარ დებატებში” საუბრისას განაცხადა, ექიმები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნების ლიცენზია აქვთ, მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად საქართველოში მომავალ კვირაში ჩამოვლენ:
სხვათა შორის აპირებენ საერთაშორისო ექიმები მის მონახულებას და შეფასებას ჯანმრთელობის მდგომარეობას. იმ კვირაში რამდენადაც ჩემთვის ცნობილია.
იქნება საერთაშორისო კონსორციუმის დასკვნა, მათ შორის იმ ექიმების, რომლებსაც აქვთ სხვადსხვა ქვეყნების ლიცენზია” განაცხადა დეკანოიძემ
დეკანოიძემ მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 18 დეკემბერს მოინახულა. როგორც ის ამბობს, მიხეილ სააკაშვილი გაცილებით სუსტადაა და მნიშვნელოვნადაა წონაში დაკლებული ბოლო 10 დღეში. დეკანოიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი სრულად ვერ იღებს საკვებს და დაკლებული აქვს კიდევ დაახლოებით 7 კგ.
გარდა ამისა, დეკანოიძის თქმით, მას მოუწესრიგებელი აქვს ღამის ძილი, რაც პირდაპირაა დაკავშირებული გლდანის ციხეში გადატანილ სტრესთან. მისივე თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ არსებობს ღია სივრცე, რაც მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ ცენტრმა “ემპათიამ” 18 დეკემბერს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ შემაჯამებელი დასკვნა და რეკომენდაციები გამოაქვეყნა.