ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 15 აპრილიდან დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ეტაპობრივად მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომატებული მგზავრთნაკადებისა და სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია ავტობუსის შვიდი და მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტის ამოქმედება.
„კერძოდ, N298 ავტობუსი – უზრუნველყოფს მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ ქავთარაძის ქუჩის გავლით, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების კავშირს, ასევე, მგზავრების მომსახურებას სადგურის მოედნის მიმართულებით; N299 ავტობუსი – უზრუნველყოფს მგზავრების მომსახურებას მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან დიღმის მასივის მიმართულებით (ლუბლიანას ქუჩისკენ); N300 ავტობუსი – დავით აღმაშენებლის გამზირიდან საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით გადაადგილდება.
N303 ავტობუსი – მგზავრებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ილია სუხიშვილისა და სესილია თაყაიშვილის ქუჩების გავლით მოემსახურება; N366 ავტობუსი – სრულად ჩაანაცვლებს N420 მიკროავტობუსს და უზრუნველყოფს გიორგი აბაშვილის, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, თრიალეთისა და კალოუბნის ქუჩების მომსახურებას (მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“); N396 ავტობუსი – ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N408. იგი მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით, უზრუნველყოფს აეროპორტის, ალექსეევკის დასახლებებისა და მასთან ერთად, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების გადაყვანას; N399 ავტობუსი – ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N537-ს და მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „ლილო მოლის“ მიმართულებით იმოძრავებს; ავტობუსების – N373 და N379 მარშრუტებზე მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შემცირდება მოცდის ინტერვალი.
ავტობუსების მარშრუტების გარდა, ამოქმედდება მიკროავტობუსის შემდეგი ახალი მარშრუტები: N408 მიკროავტობუსი – მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნის გავლით, უზრუნველყოფს კაკაბაძისა და ჭონქაძის ქუჩების მცხოვრებლების მომსახურებას; N420 მიკროავტობუსი – მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ჭოველიძისა და ბელინსკის ქუჩების გავლით, რჩეულიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს მოემსახურება; N537 მიკროავტობუსი – მეტროსადგურ „დელისიდან“ უზრუნველყოფს ნუცუბიძის პლატოს III და IV მიკრორაიონების კავშირს, ასევე, მოემსახურება დათუაშვილისა და ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩებს; N549 მიკროავტობუსი – მოემსახურება წინანაურის, საბატონოს, ცოლიკაურის, ჟორდანიასა და დიდი ხეივნის ქუჩების მოსახლეობას; N552 მიკროავტობუსი – უზრუნველყოფს კალანდაძისა და თორთლაძის ქუჩების მცხოვრებლების მომსახურებას და მგზავრებს მეტროსადგურ „300 არაგველთან“ დააკავშირებს.
გარდა ამისა, N553 მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ღრმაღელემდე“ იმოძრავებს გვაზაურის II შესახვევის, ზიგზაგის I და ბოგვის ქუჩების გავლით; N554 მიკროავტობუსი – უზრუნველყოფს თვალჭრელიძის ქუჩისა და ამავე ქუჩის II შესახვევის, ასევე, ბერიაშვილის ქუჩის მომსახურებას და მესამე მასივის გავლით, მგზავრებს მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დააკავშირებს; N555 მიკროავტობუსი – უზრუნველყოფს მგზავრთა გადაადგილებას მეტროსადგურ „300 არაგველამდე“ შორაპნის II ქუჩის, ზურაბიშვილისა და დოლაბაურის ქუჩების გავლით; N556 მიკროავტობუსი – მგზავრებს როსტოვის, ქინქლაძის, ლარეხისა და ჩეჩელაშვილის ქუჩებით რკინიგზის გადასასვლელ ხიდთან დააკავშირებს; N558 მიკროავტობუსი – უზრუნველყოფს მომსახურების გაუმჯობესებას მეტროსადგურ „დელისამდე“ ნუცუბიძის I მიკრორაიონიდან ნუცუბიძის ქუჩის გავლით.
მოცდის ინტერვალები შემცირდება შემდეგ მიკროავტობუსებზე: N403, N423, N424, N425, N428, N429, N439, N444, N445, N456, N465, N480, N496, N500, N510, N511, N520, N521, N524 და N546.
N411 მიკროავტობუსის მარშრუტი დამატებით, მოემსახურება ქვემო ფონიჭალაში ალექსანდრე ბერიძის ქუჩის მოსახლეობას; N419-ის მარშრუტი წრიული იქნება და მიკროავტობუსი სოფელ აგარაკების მოსახლეობას მოემსახურება; N422 მიკროავტობუსი ნესტან დარეჯანის ქუჩიდან სოფელი დიღმის მიმართულებით იმოძრავებს; N427-ის მარშრუტიც წრიული იქნება და დამატებით, მოემსახურება იაკობ ცურტაველისა და გიორგი გურამიშვილის ქუჩებს; მიკროავტობუსი – N486 მოემსახურება გლდანის ხევის მოსახლეობას; N476 მარშრუტში განხორციელდება ცვლილება. აღნიშნული მიკროავტობუსი სადგურის მოედნიდან მგზავრებს ნუცუბიძისა და მინდელის ქუჩების მიმართულებით მოემსახურება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.