რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა

კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

 

არც ევროსაბჭო და არც ევროკავშირი არ არიან რელიგიური ორგანიზაციები, არც რაიმე რელიგიურ შეხედულებებს გამოხატავენ და ემხრობიან. ისინი სრულად საერო სიბრტყეში არსებობენ და მოქმედებენ, მაგრამ ვფიქრობთ, საინტერესოა კავშირი, რაც მათ დროშას ქრისტიანობის სიმბოლოებთან აქვს.

1950 წელს ევროპის საბჭომ, რომელიც სულ ერთი წლის დაარსებული იყო, გადაწყვიტა მიეღო დროშა, რომელიც ევროპის ერთიანობის სულისკვეთებას გამოხატავდა.

კომისიამ დროშის მრავალი პროექტი განიხილა. მათი უმეტესობა ჯვრის გამოსახულებას შეიცავდა, რადგან ჯვარი, როგორც ქრისტიანული სიმბოლო, ევროპის ქვეყნების გამაერთიანებლად განიხილებოდა. არგუმენტად ისიც მოჰყავდათ, რომ ჯვრიანი დროშების ქვეშ ჯვაროსნები ლაშქრობდნენ და იბრძოდნენ, როგორც ერთიანი ევროპა. დროშების წარმოდგენილი ნიმუშებიდან ერთ-ერთი რჩეული ვარიანტი იყო პანევროპული მოძრაობის დამაარსებლის – რიჩარდ ფონ კუდენჰოვე-კალერგის მიერ შეთავაზებული დროშის პროექტი, რომელზეც გამოსახული იყო ლურჯ ფონზე ყვითელი მზე და შიგ ჩახატული წითელი ჯვარი. მას შემდეგ, რაც თურქეთმა, რომელიც 1950 წლიდან ევროპის საბჭოს წევრად მიიღეს, გააპროტესტა ორგანიზაციის დროშაზე მხოლოდ ქრისტიანული სიმბოლოს არსებობა, პოლ ლევიმ, ევროპის საბჭოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, კომისიას შესთავაზა მასზე მცირე ნახევარმთვარის დამატება.

საბოლოოდ ეს დროშა არ მიიღეს. არც რიჩარდ ფონ კუდენჰოვე-კალერგის მიერ შეთავაზებული მეორე დროშა მიიღეს, რომელიც ინგლისური „სენტ ჯორჯის“ (წმინდა გიორგის) ასლი იყო, და არც მისი სხვა ვარიანტები.

კომისიამ ასევე განიხილა ლურჯ ფონზე სხვადასხვა კონფიგურაციით გამოსახული ვარსკვლავების  რამდენიმე ვერსია. გასაგებია, რომ ასეთი სიმბოლიკის მიმართ რაიმე სახის რელიგიური პრეტენზია ვერ იარსებებდა. საბოლოოდ, შეარჩიეს და  1955 წელს ევროპის საბჭოსა და შემდგომ (1985 წლიდან) ასევე ევროგაერთიანების (1993 წლიდან კი ევროკავშირის) დროშად მიიღეს ლურჯ ფონზე წრედ განფენილი თორმეტი ოქროსვარსკვლავიანი სიმბოლო.

ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდებზე ამ დროშის სიმბოლური მნიშვნელობა შემდეგნაირადაა განმარტებული:

„დასავლური სამყაროს ლურჯ ცაზე ვარსკვლავები განასახიერებენ ევროპის ხალხებს, წრეზე განფენილს, მათი ერთიანობის ნიშნად. მათი რიცხვი უცვლელია და თორმეტს უდრის, რაც ყოველივე დახვეწილისა და გამთლიანებულის სიმბოლოა“.

ასეთია ოფიციალური ვერსია, მაგრამ ამ დროშის პროექტი ეკუთვნის სტრასბურგელ დიზაინერ არსენ ჰეიცსა და ევროსაბჭოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს პოლ ლევის. ჰეიცი, რომელიც სტრასბურგში დაიბადა და გაიზარდა, სხვაგვარად ხსნიდა თავისივე გამოგონილი დროშის სიმბოლურ მნიშვნელობას.

საქმე ისაა, რომ სტრასბურგის მთავარ საკათედრო ტაძარში, რომელიც გოთური არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია, 1859 წელს შექმნილი წმინდა მარიამის (წმინდა ქალწულის) ქანდაკებაა, რომელსაც თავზე 12-ოქროსვარსკვლავიანი დიადემა ადგას. თავად არსენ ჰეიცი ამტკიცებდა, რომ დროშის შექმნისას იგი რელიგიური მოტივით, სწორედ ამ ქანდაკებით, იყო შთაგონებული. მისი თქმით, დროშის სიმბოლიკა ქრისტიანული იკონოგრაფიის ტრადიციას ეფუძნება და წმინდა იოანეს გამოცხადების „აპოკალიფსის ქალწულს“ (წმინდა მარიამს) განასახიერებს. სხვადასხვა ინტერვიუში პოლ ლევი, დროშის თანაავტორი, აცხადებდა, რომ მისი იყო საბოლოო დიზაინი – ჰერცმა ბევრი ვერსია შემომთავაზა და თორმეტვარსკვლავიანი მე ავარჩიეო. დროშის მიმღები კომისიის წევრები კი  ამტკიცებდნენ: პოლმა და არსენმა თხუთმეტვარსკვლავიანი დროშა შემოგვთავაზეს, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ დროშაზე 12 ვარსკვლავი ყოფილიყო გამოსახულიო.

წმ. მარიამის 12-ვარსკვლავიანი ქანდაკება და ვიტრაჟი სტრასბურგის საკათედრო ტაძარში

გერმანული „დი ველტი“  1998 წელს წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლ ლევი უარყოფს დროშასთან დაკავშირებით რაიმე რელიგიური მოტივაციის არსებობას, სწორედ ის იყო თორმეტვარსკვლავიანი დროშის შექმნის იდეით შეპყრობილი მას შემდეგ, რაც სტრასბურგის საკათედრო ტაძარში წმინდა მარიამის ქანდაკება იხილაო.

ევროპის საბჭოს აღმასრულებელი პირები რომ არ უგულებელყოფენ მათი ორგანიზაციის დროშის სიმბოლიკის რელიგიურ წარმომავლობას, შესაძლოა ირიბად  იმ ფაქტითაც მტიკცდებოდეს, რომ  2000 წელს ევროპის საბჭომ სტრასბურგის საკათედრო ტაძარს უსახსოვრა ცნობილი ფრანგი ხელოვანის – მაქს ინგრანდის მიერ ლითონითა და მინით შესრულებული ტიხრული ვიტრაჟი, რომელიც დღესაც ამშვენებს ტაძრის სამხრეთ ფასადს. ვიტრაჟზე გამოსახულია წმინდა ქალწული, რომლის თავზეც ლურჯ ფონზე ევროკავშირის დროშის თორმეტვარსკვლავიანი დროშაა აღბეჭდილი. როდესაც დაახლოებით 25 წლის წინ პირველად ვიყავი ტაძარში, გაოცებული შევყურებდი ვიტრაჟს, რომელზეც აშკარად ევროკავშირის დროშა იყო გამოსახული. რადგან ვიტრაჟის ისტორია არ ვიცოდი და ის წინა საუკუნეებისა მეგონა, იმწამსვე გამიელვა თავში აზრმა, რომ იოანეს გამოცხადებიდან ცნობილ წმინდა ქალწულსა და ევროპის საბჭოს დროშას შორის რაღაც კავშირი იყო.

„გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი – დედაკაცი, რომელსაც ემოსა მზე. მის ფერხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი თორმეტი ვარსკვლავით“. (გამოცხადება, 12,1)

ამას ვწერ, რათა მკითხველი დავარწმუნო იმ მსგავსებაში, რაც სრულიად ნათელია და შეუძლებელია იმის არდანახვა, რომ ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის დროშა წმინდა მარიამისა და, ესე იგი, ქრისტიანობის, ქრისტიანული ფასეულობების მქონე რეგიონისა და სამყაროს სიმბოლოა.

ასე თუ ისე, ფაქტია, რომ ევროპის საბჭოს და შემდგომ, ასევე, ევროკავშირის დროშა უწმინდეს ქრისტიანულ სიმბოლიკას განასახიერებს, იკონოგრაფიის წესების დაცვით. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა, თურქეთს ამ დროშის მიმართ არავითარი პროტესტი არ გამოუხატავს. საეჭვოა, რომ თურქებს, რომლებიც გამოირჩევიან თეოლოგიისა და ქრისტიანობის შესანიშნავი მკვლევრებით, არ სცოდნოდათ რას განასახიერებდა ასეთი დროშა, მაგრამ მათ უპირობოდ დაუჭირეს მხარი ევროპის საბჭოს მიერ ამ დროშის მიღებას. შესაძლოა იმიტომ, რომ მაჰმადიანები და მათი ყურანი ისევე აღიარებს წმინდა მარიამის არსებობას, იმას, რომ იგი „წინასწარმეტყველი“ ისას (იესოს) დედა იყო და პატივს მიაგებენ მას, როგორც ქრისტიანები.

ამ ისტორიის მოყოლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ 2021 წლის 5 ივლისს საქართველოში, დემოკრატიის განვითარების გზაზე მდგარ უძველესი ქრისტიანობის ქვეყანაში,  გარკვეულმა ჯგუფებმა, რომლებიც თავს ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობის დამცველებად წარმოგვიჩენენ, ეს ქრისტიანული სიმბოლო პედესტალიდან ჩამოგლიჯეს, შეურაცხყვეს და დაწვეს! საერთოდ, ნებისმიერი დროშის  შეურაცხყოფა, თუნდაც ის მტრისა და ოკუპანტის იყოს (მაგალითად, რუსეთის ფედერაციის), არაეთიკური და უღირსი საქციელია, მაგრამ განსაკუთრებით გასაკვირია, როცა ხალხი, რომელიც ქრისტეს სახელით ძალადობასაც კი სჩადის, იმავდროულად ქრისტიანულ სიწმინდეთა გამომსახველ სიმბოლოს ასე შეურაცხყოფს.

იმედია, ევროპის დროშის შესახებ ამ ინფორმაციის მიღება ცოტა მაინც დააფიქრებს შეცდომაში შეყვანილ მოქალაქეებს და დაანახებს, თუ რამდენად გაუმართლებელია მათი საქციელი.

 

წყარო: www.gfsis.org

მსგავსი სიახლეები