ნიდერლანდებმა დღეიდან საქართველოს „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიანიჭა

ნიდერლანდებმა საქართველოს „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიანიჭა.როგორც ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოსთვის კვლავ ძალაში რჩება “ნარინჯისფერი კოდი”.

“გაცნობებთ, რომ 8 აგვისტოდან, ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მიენიჭება ინფიცირების „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ (a very high-risk area) სტატუსი. თუმცა, საქართველოსთვის კვლავ ძალაში დარჩება „ნარინჯისფერი კოდი“ და მას არ მიენიჭება „წითელი კოდი“.

ეს ნიშნავს, რომ 8 აგვისტოდან საქართველოდან ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შემომსვლელმა ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ასევე – Covid-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სრულად ვაქცინაცია + PCR ტესტი).

გარდა ამისა, საქართველოდან ნიდერლანდებში შემოსული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი, რომელიც ეხება ყველას, მათ შორის ვაქცინირებულ მგზავრებსაც. იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, რომ მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

IPN

მსგავსი სიახლეები