საშიშროება სერიოზულია, ეპიდსიტუაცია უარესდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში.
„დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს იმას, რაც მაისში პიკზე გვქონდა და რაც ნოემბრის დასაწყისში. ამიტომ ეს ყველამ უნდა გავითავისოთ და დავიცვათ რეკომენდაციები, პირველ რიგში კი გამოვიყენოთ პირბადე ყველა დახურულ შენობაში – მოეშვა ხალხი. ასევე, შემოდის რეგულაცია, რომ ღია სივრცეებში, სადაც ვიკრიბებით 5-6 ადამიანი, ყველას უნდა გვეკეთოს პორბადე და მთავარი, ყველა წავიდეთ და ავიცრათ! ქვეყანაში არის ვაქცინების საკმარისი რაოდენობა და იქნება კიდევ მეტი ოდენობა, რომ დღეში 15-20 ათასი ადამიანი აიცრას, ამიტომ ყველა უნდა წავიდეთ და ავიცრათ! დღევანდელი ეპიდსიტუაციის გაუარესებას გააჩერებს ორი რამ – წესების დაცვა, რომ ცოტა ხანს თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, თავშეყრებზე, კონცერტებზე და ავიცრათ ყველა. თუ ამას გავაკეთებთ, აღარ გაუარესდება სიტუაცია. ამ სიტუაციას გინდა მე-4, მე-5 ან მე-7 ტალღა დაარქვით, ფაქტია, რომ ჩვენ მესამე ტალღა რომ გადავიარეთ, მაისის 17 -ში გვქონდა პიკი, მერე მოვდიოდით ქვემოთ. 26 ივნისიდან დაიწყო გაუარესება და დღეს სერიოზულად არის გაუარესებული.
ყველა მოვდუნდით, საზოგადოება მოდუნდა, ამიტომ, მესმის, შევდივარ მდგომარეობაში, ზაფხულია, ყველას უნდა გარეთ ყოფნა, სიარული, რესტორანში დაჯდომა, მეორე მხრივ, 26 ადამიანი მოკვდა 24 საათის განმავლობაში. უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული. თუ ასე გაგრძელდა გაუარესება, დაავადება კონტროლის ცენტრი შევა საბჭოში რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრების რეკომენდაციით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.