შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 2 პირი – 1991 წელს დაბადებული გ. გ. და 1989 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.გ.-მ და გ.ხ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე „ცხრა აპრილის“ ბაღში, ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორს ჟურნალისტური საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 31 პირი, კერძოდ:
• ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 27 პირი;
• ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.