პრეზიდენტი – ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ანულირებაზე, წითელი ხაზების გავლება, ვიცი ხელმოწერამდე – მიზნები, რომლებსაც დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომელსაც ეფუძნება, ამოწურული არაა
ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ, რომ ხელი შევუწყე ევროკავშირის ჩართულობას, მაშინ, როცა ქვეყანაში
პოლიტიკური პროცესი ჩიხში შედიოდა, თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომელიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დოკუმენტის მიზნები ამოწურული არაა.
„მე, პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდევაც იმით, რომ ხელი შევუწყე ევროკავშირის ჩართულობას, მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ჩიხში შედიოდა, თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომელიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული, ვერც მის ანულირებაზე. თუმცა დღეს, პოსტ-ფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე წითელი ხაზების ხელმოწერამდე გავლება ვიცი. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომელსაც დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა. წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც მე ვუჭერ მხარს.
გუშინ მოვუსმინე ყველას და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე პარლამენტში შევიდნენ, იმუშავეს და დღესაც მუშაობენ, ქმნიან მოდელს ან მოდელის საწყისს როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი, ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო. მეც ვიზიარებ, მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა. პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა. მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი, დიდი იმედი მაქვს ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.