ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გიორგი გახარიაზე – ეს პარტია და მისი ლიდერი, ყველა მხრიდან უკვე საკმაოდ მკაცრი, პოლარიზებული კომენტარების ობიექტები გახდნენ
ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის მიერ გაჟღერებულ გზავნილს ეხებოდა, რომლის თანახმადაც, პარტია „საქართველოსთვის“ შეიქმნა ქვეყნისთვის, მაგრამ არ იქნება არავის წინააღმდეგ.
ჰარცელმა უპასუხა კითხვაზე, რამდენად რეალურია აღნიშნული მიდგომა ქართულ რეალობაში, რომელშიც პოლარიზაციას გარკვეული ისტორია აქვს.
„ვფიქრობ, ეს კარგად განსაზღვრული დასაწყისია და ვიტყოდი, რომ ბევრის მიზანიც უნდა იყოს. ამავე დროს, როგორც ვიცით, ეს პარტია და ამ პარტიის ლიდერი, ვფიქრობ, ყველა მხრიდან უკვე საკმაოდ მკაცრი, გნებავთ, პოლარიზებული კომენტარების ობიექტები გახდნენ. ამრიგად, ეს მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ზოგიერთ მსგავს საკითხზე საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე – მათი განხორციელება“, – განაცხადა ჰარცელმა.
მანვე უპასუხა კითხვას, რას ელის გახარიას ახალი ოპოზიციური პარტიისგან.
„ჯერ საკმაოდ ადრეა. უბრალოდ ვიტყოდი, რომ ვფიქრობ, მისი პოლიტიკაში კვლავ შემოსვლისა და ახალი პარტიის შექმნის გადაწყვეტილება ნაწილობრივ იმ განვითარების ნაწილია, რაც ვიხილეთ, რომ უფრო მეტი პარტია ჩნდება და უფრო ფართო არჩევანისა და პლურალიზმის უზრუნველყოფას ახდენს, რაც შეიძლება, ამ ქვეყანაში პოლიტიკური დისკურსის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს. ვიცი, რომ ექვსმა პარლამენტარმა, რომლებიც მის პარტიას შეუერთდნენ, ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებას და მჯერა, რომ ეს კიდევ ერთი არსებითად პროევროპული პარტიაა, რომელიც ამ იდეალების პოპულარიზაციას შეეცდება. ამის მიღმა, არ ვარ იმ მდგომარეობაში, რომ კიდევ ბევრი ვთქვა, დანარჩენს მხოლოდ დრო გვიჩვენებს“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ინტერვიუში.
წყარო: IPN
წყარო: IPN