ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, სავარაუდოდ, 13 ოქტომბერს განიხილავს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხს სავარაუდოდ 13 ოქტომბერს განიხილავენ. ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხის განხილვა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც საქართველოდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნა 51%-ით გაიზარდა. საქართველოსთან ერთად უვიზო მიმოსვლის გაუქმება ბალკანეთის ქვეყნებს, უკრაინასა და მოლდოვას ემუქრებათ.

EUobserver-ის თქმით, მათთვის ცნობილი გახდა ევროკავშირის შიდა ანგარიშის შინაარსი, რომელიც 27 სექტემბრითაა დათარიღებული. დოკუმენტში გერმანია უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიმართ და პრობლემური ქვეყნების ათეულში ასევე ასახელებს ალბანეთსა და სერბეთს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა 51 პროცენტით არის გაზრდილი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოსა და ალბანეთის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს საფრანგეთი. ჩეხეთის რესპუბლიკა კი აცხადებს, რომ თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან.

ევროკავშირმა მონტენეგროსთვის, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის უვიზო რეჟიმი 2009 წელს დააწესა, 2010 წელს ამ სიას დაემატა ალბანეთი და ბოსნია და ჰერცოგოვინა; მოგვიანებით, 2014 წელს, ევროკავშირმა დაამტკიცა უვიზო მიმოსვლა მოლდოვის, ხოლო 2017 წელს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.

palitranews

მსგავსი სიახლეები