დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სრულად ვაქცინირებული მოსახლეობისთვის წამახალისებელ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც იმსჯელეს.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქება თუ მოხდება, პირველ რიგში ის ორჯერადად აცრილებს შეეხებათ.
„დღეს ვიმსჯელეთ წამახალისებელ ღონისძიებებზეც, რომ ორჯერადად აცრილებს სავალდებულო ტესტირება აღარ ჰქონდეთ. ასევე კომენდანტის საათთან დაკავშირებით შემსუბუქების ნაბიჯი თუ გადაიდგა, პირველ რიგში, ალბათ ორჯერადად აცრილებისთვის იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, კითხვაზე: „აცრილებისთვის შეღავათების გაწევა ხომ არ იქნება დისკრიმინაციული მიდგომა“, გამყრელიძემ განაცხადა, რომ პირიქით, ეს ყველასთვის სტიმული იქნება, რომ აიცრან.
„რატომ უნდა იყოს დისკრიმინაცია, პირიქით, ჩვენ ყველა უნდა ავიცრათ. პირიქით, სტიმულია ადამიანებისთვის, რომ ყველა ავიცრათ. ჩვენ აუცილებლად შემოდგომას უნდა შევიდეთ უსაფრთხო სკოლებში, ანუ ყველა მასწავლებელი უნდა იყოს სკოლებში ორჯერ აცრილი, ასევე უნივერსიტეტები, სტუდენტები და ყველა ლექტორი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი თუ გვინდა, რომ დავამარცხოთ ინფექცია. იქნება შესაძლებლობა, ყველა აიცრას, ამას გიდასტურებთ, ივლისის პირველი კვირიდან საქართველოს ექნება იმდენი ვაქცინა, რომ ის ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წყარო: guriatv