ახალი გადაწყვეტილებები, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან კვების ობიექტების სამუშაო საათები გახანგრძლივდება და ისინი ფუნქციონირებას კვლავ 23:00 საათამდე შეძლებენ.

ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო კვების ობიექტები 22:00 საათამდე მუშაობენ.

გარდა ამისა, როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კონცერტებსა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება.

ღიბრაძის განმარტებით, აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი იქნება არსებული რეგულაციების დაცვით.

ამასთან, 9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლების 33%-ს გარკვეული პირობებით დაუშვებენ.

„მატჩზე დაიშვება მაყურებლების 33%, ოღონდ ერთი პირობით, მათ უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა“, – განაცხადა ღიბრაძემ.

BPN.GE

მსგავსი სიახლეები