აშშ-ს ფინანსური ინსტიტუტები რუსეთის მსხვილ ბანკებთან ტრანზაქციების დამუშავებას შეწყვეტს

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ს ფინანსურ ინსტიტუტებს რუსეთის მსხვილი ბანკებისთვის ტრანზაქციების დამუშავებას აუკრძალავს, რასაც რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სანქციების საწყისი პაკეტი ითვალისწინებს. ექსკლუზიურ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზომები მხოლოდ იმ შემთხვევაში გატარდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. სამიზნე რუსულ ბანკებთან ამერიკული ბანკები შეწყვეტენ „საკორესპონდენტო“ საბანკო ურთიერთობებს, რაც საერთაშორისო გადახდების საშუალებას იძლევა.

Reuters-ის წყაროს ცნობით, პაკეტი შესაძლოა, ბოლო წუთებშიც შეიცვალოს და მაშინ გაირკვეს, თუ ვინ იქნება მისი სამიზნე. თუმცა შესაძლო სამიზნეებად უკვე სახელდება რუსეთის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის VTB Bank, Sberbank, VEB და Gazprombank.

საკორესპონდენტო საბანკო ურთიერთობა გლობალური ფულის ნაკადების საფუძველია. მართალია, აშშ-ს ხელისუფლება მანამდე აცხადებდა, რომ საბანკო შეზღუდვები შესაძლო სანქციების პაკეტის ნაწილი იქნებოდა, მაგრამ ადმინისტრაციის გეგმაში საკორესპონდენტო საბანკო ურთიერთობის შეწყვეტა არ სახელდებოდა.

ასევე, შეერთებული შტატები სპეციალურად მონიშნული მოქალაქეების, ანუ SDN-ის (Specially Designated Nationals) სიაში ზოგიერთ რუს ფიზიკურ პირსა და კომპანიას შეიყვანს, რაც მათ აშშ-ს საბანკო სისტემიდან განდევნის, აუკრძალავს ამერიკელებთან ვაჭრობასა და მათ აშშ-ს აქტივებს გაყინავს. ეს ადმინისტრაციის ყველაზე მძლავრი სანქციური ინსტრუმენტია.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ თუ კრემლი უკრაინაში შეჭრის ბრძანებას გასცემს, შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი რუსულ კომპანიებს აშშ დოლარსა და ბრიტანულ ფუნტზე წვდომას შეუწყვეტენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

BM.GE

მსგავსი სიახლეები