საქართველოს მთავრობას მის საკუთრებაში არსებული ათასობით ტონა ღვინო-მასალის გაყიდვა უჭირს – ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა. 28 ივნისს უშედეგოდ დასრულდა 104 აუქციონი, რომლითაც 5.9 მილიონ ლარად 810 ათასი ლიტრი ღვინო-მასალა, მათ შორის 186 ათასი ლიტრი ხვანჭკარა; 542 ათასი ლიტრი ალექსანდროულ-მუჯურეთული და 70 ათასი ლიტრი ოჯალეში იყიდებოდა. აუქციონზე ასევე გამოტანილი იყო 9.5 ათასი ლიტრი ცოლიკაური და 2.5 ათასი ლიტრი უსახელოური.
ეს ბოლო 2 თვის განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ღვინო-მასალის უკვე მეოთხე აუქციონია, წინა სამ აუქციონზეც სარეალიზაციოდ გამოტანილი ღვინის მნიშვნელოვანი ნაწილი არ გაიყიდა. დაბალი მოთხოვნის გამო, სახელმწიფომ სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვნის ღირებულება 44%-ით შეამცირა.
სხვაობა 5 მაისის სარეალიზაციო ფასსა და 28 ივნისის ფასებს შორის 44%-ია:
• ხვანჭკარას ღვინო-მასალის საწყისი ფასი ლიტრზე 14.8 ლარი იყო, დღეს 8.25 ლარი;
• ალექსანდროულ-მუჯურეთულის ღვინო-მასალის საწყისი ფასი ლიტრზე 13.4 ლარი იყო, დღეს 7.46 ლარი;
• ცოლიკაურის ღვინო-მასალის საწყისი ფასი ლიტრზე 6.2 ლარი იყო, დღეს 3.44 ლარი;
• ოჯალეშის ღვინო-მასალის საწყისი ფასი ლიტრზე 6.8 ლარი იყო, დღეს 3.8 ლარი;
• უსახელოურის ღვინო-მასალის საწყისი ფასი ლიტრზე 18.8 ლარი იყო, დღეს 10.47 ლარი;
აუქციონებზე კერძო სექტორის ინტერესის ნაკლებობას ადასტურებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც მაისის ბოლოს BMG-ის განუცხადა, რომ სახელმწიფოს ეს ქონება განმეორებით აუქციონებზე, უფრო ფასდაკლებული ღირებულებით გამოაქვს.
რატომ უგროვდება მთავრობას ათასობით ტონა გაუყიდავი სპირტი და ღვინო?
ამის მიზეზს რთველის სუბსიდირების არსებული მოდელი წარმოადგენს. სუბსიდირების პირობების თანახმად, მთავრობა მის საკუთრებაში არსებულ ღვინის ქარხნებს (“აკურას” და “მოსავლის მართვის კომპანიას”) ყურძნის შესყიდვას ავალებს და პროცესს სახელმწიფო სუბსიდიით აფინანსებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის ქარხნები შემდგომ ამ ყურძენს გადაამუშავებენ და მისგან სპირტს და ღვინო-მასალას აწარმოებენ, რაც შემდგომში აუქციონების გზით იყიდება და მას საკუთარ პროდუქციაში ღვინის და კონიაკის კერძო მწარმოებლები იყენებენ. მთავრობის განცხადებით, სუბსიდიის არსებული მოდელი საჭიროა, რათა ბაზარზე “ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს”.
BMG-ის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეოების სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2015-2020 წლებში სახელმწიფომ მევენახეთა სუსბსიდირებაზე 212 მილიონი ლარი დახარჯა, რითიც 285 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა. მათ შორის, ყველაზე დიდი – 87.1 მილიონი ლარის შესყიდვა 2020 წელს განხორციელდა, რითიც მთავრობამ 95 ათასი ტონა ყურძენი შეიძინა.
ჩაბარებული ყურძნისგან მთავრობამ 239 მილიონი ლარის ღირებულების სპირტი და ღვინო-მასალა დაამზადა. თითოეული მათგანის მოცულობა და საბალსანსო ღირებულება ასეთია:
• 2015-2020 წლებში დამზადებული ღვინო მასალის მოცულობაა 92.8 ათასი ლიტრი, თვითღირებულება 108.6 მილიონი ლარი;
• 2015-2020 წლებში დამზადებული საკონიაკე სპირტის მოცულობაა 12.1 ათასი ლიტრი (აბსოლუტური ალკოჰოლი), თვითღირებულება 130.4 მილიონი ლარი.
BMG-იმ გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ 2015-2021 წლების განმავლობაში რეალიზებული სპირტისა და ღვინო-მასალის შესახებ. მთლიანობაში სახელმწიფომ ამ პერიოდში 114.1 მილიონი ლარის ალკოჰოლური სასმელები გაყიდა.