თბილისის საბავშვო ბაღების მენიუდან რძის ნაწარმი ამოიღეს – გადაწყვეტილებას წინ ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაცია უსწრებდა.
ამ დრომდე კვლევის საგანია რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი – ბაღების სააგენტოში ამბობენ, რომ ეს ერთგვარი პრევენციაა და რძის ნაწარმის ამოღება არ ნიშნავს, რომ ნოროვირუსის გავრცელების მიზეზი სწორედ რძის ნაწარმი გახდა.
„რძის პროდუქტები დაბრუნდება მენიუში, როგორც კი კვლევები დასრულდება“, – ამბობენ სააგენტოში.
სურსათის უვნებლობას, საკვების და წყლის 500-ზე მეტი ნიმუშიდან ჯერ მხოლოდ 39-ის პასუხი აქვს.
ცნობილია, რომ რძის ნაწარმი თბილისის საბავშვო ბაღებში კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ ინდ. მეწარმეს, მანანა ღვინცაძეს შეაქვს.
თბილისის მერი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, თითქოს ბავშვების ინტოქსიკაცია ბაღებში მიწოდებულ ქათმის ხორცს უკავშირდებოდა. კახა კალაძე ამ ინფორმაციას „ტყუილსა“ და „ცილისწამებას“ უწოდებს და აცხადებს, რომ ბაღების სააგენტო მსგავსი განცხადებების გამო სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.
სახეზე გვაქვს, სპეციალისტების მიერ გამოვლენილია ნორივირუსი. რაც მთავარია, დღეს პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, შესაბამისად, უახლოეს დღეებში სააღმზრდელო პროცესი დაუბრუნდება დროებით დახურული 7-ვე ბაღი დაიწყებს ჩვეულებრივ მუშაობას. კვლევები გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში გვექნება სრული ინფორმაცია საიდან გადავიდა აღნიშნული ვირუსი და რა იყო დაავადების წყარო. ზოგადად, ვირუსები ვიცით როგორც გადადის. თითქოს ბაღებში ბავშვები მოიწამლნენ ქათმის ხორცით და ქათამი, რომელიც ბაღებში შედის, არის გაფუჭებული. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე. არ დაუჯეროთ თაღლითებს, მეგობრებო, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ასეთები. სამართლებრივად ბაღების სააგენტო ყველა ცილის წამებაზე მოახდენს რეაგირებას, – თქვა დღეს კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოგვიანებით თქვა, მიმართვიანობის მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა.







