ჩვენ ვიცით, შემდგომში რა, როგორ და რის ხარჯზე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ყველა გეგმას აუცილებლად აღვასრულებთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, „ლუჟნიკის“ სტადიონზე „ყირიმის დაბრუნების“ მე-8 წლისთავისთვის მიძღვნილ აქცია – კონცერტზე განაცხადა.
აქცია – კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა უკრაინაში შეჭრა „დონბასში მცხოვრები მოსახლეობის გენოციდით“ გაამართლა და აღნიშნა, რომ „სამხედრო ოპერაციის“ მიზანია ამ ადამიანებს „ეს საფრთხე მოაშოროს“.
„დონბასში მცხოვრები მოქალაქეები [2014 წელს] სახელმწიფო გადატრიალებას არ დათანხმდნენ, რის გამოც მათ წინააღმდეგ სადამსჯელო სამხედრო ოპერაციები დაიწყო, თანაც არაერთი. ისინი უმალვე ბლოკადაში მოაქციეს, ქვემეხებით სისტემატურ სროლებისა და საავიაციო დაბომბვის მსხვერპლი გახადეს. სწორედ ამას ეწოდება გენოციდი. ჩვენი ოპერაციის მიზანია, რომ ადამიანებს ეს ყველაფერი მოვაშოროთ.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ეს ერთობა არის რუსეთში მცხოვრები ყველა ეროვნებისა და კონფესიის წარმომადგენელთა უნივერსალური ღირებულება, რაც პირველ რიგში ჩვენს ხალხს ახასიათებს. ამას ყველაზე კარგად ადასტურებს ის, თუ როგორ ომობენ ჩვენი ბიჭები ამ სამხედრო ოპერაციის დროს – ისინი ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან. ისინი ეხმარებიან, გვერდში უდგანან ერთმანეთს და, თუ საჭიროა, როგორც საკუთარ ძმას, ისე აფარებენ საკუთარ სხეულს თანამებრძოლის მიმართ ნასროლ ტყვიებს. დიდი ხანია, ასეთი ერთობა არ გვქონია.
ასე გამოვიდა, რომ ოპერაციის დაწყების თარიღი დაემთხვა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სარდლის, ფიოდორ უშაკოვის დაბადების დღეს, რომელსაც ბრძოლა არასდროს წაუგია. ერთხელ მან თქვა: „ეს ჭექა-ქუხილი რუსეთის დიდებამდე მივა“. ასე იყო მაშინ, ასეა ახლაც და ასე იქნება ყოველთვის!“, – განაცხადა პუტინმა.