თბილისში სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასურის შესახებ დადგენილების ცვლილების პროექტის თანახმად, ზონალურ პარკირებას გადახდის ახალი სისტემა ემატება. დადგენილების მიხედვით, პარკირებისთვის აბონემენტების სისტემა შეიქმნება, თუმცა ის სავალდებულო არ იქნება და კვლავ იმოქმედებს არსებული ტარიფი (1 კვირა – 4 ლარი; 6 თვე – 25 ლარი, 1 წელი – 50 ლარი).
მოქალაქეებს და კომპანიებს ახალი ტარიფით სარგებლობისას შეეძლებათ გამოიყენონ როგორც ზონალური, ისე საათობრივი პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილები. ახალი ტარიფები კი შემდეგია:
- 1 დღე – 20 ლარი (გადახდის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში);
- 1 კვირა – 100 ლარი (გადახდის მომენტიდან 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
- 1 თვე – 300 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი თვის შესაბამისი რიცხვის ჩათვლით);
- 6 თვე – 500 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში);
- 1 წელი – 800 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).
თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, პარკირების სატარიფო პაკეტს მსურველებისთვის ემატება მხოლოდ ვადიანი აბონემენტები, რაც უმეტესად ბიზნესსექტორისა და ორგანიზაციებისთვის არის
გათვლილი.
“ზონალურ-საათობრივი პარკირების ტარიფებში ცვლილებები დაგეგმილი არ არის. მისი ღირებულება ისევ 1 ლარია, წლიური სააბონემენტო კი, კვლავ 50 ლარი ღირს. ჩვენ სიახლის სახით შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, რაც მათი მოსაზრებაც იყო, რომ თუ მაგალითად, კომპანია გადაიხდიდა 800 ლარს სატრანსპორტო საშუალებაზე წლის განმავლობაში, საათობრივი საფასური მისთვის მთელი წელი ყოფილიყო უფასო. შესაბამისად, წარმოვადგინეთ რამდენიმე პაკეტი საკრებულოში – ეს არის ერთწლიანი, ექვსთვიანი, ერთთვიანი და ერთდღიანი პაკეტები, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ მსურველებმა. ეს არ არის სავალდებულო. ყველა არსებული პირობა, ოფცია და ფასები, რომელიც დღეს და დღემდე მოქმედებდა, ისევეა შენარჩუნებული, უბრალოდ დამატებითი ოფციის სახით, შემოტანილია წლიური, ექვსთვიანი, ერთთვიანი და ერთდღიანი აბონემენტები, რომელთა შეძენა შეუძლიათ ორგანიზაციებსა და ბიზნესსექტორს, სურვილის შემთხვევაში.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვა დანარჩენი პირობები – ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური და წლიური 50-ლარიანი სააბონემენტო კვლავ ძალაში რჩება”. – თქვა ირაკლი ხმალაძემ.
დადგენილება მიღების შემთხვევაში 2022 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
1 თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემა განახლდება – მერიას ულიმიტო აბონემენტების სისტემა შემოაქვს.