საზოგადოებრივ მაუწყებელს “ახალი კვირის” თანამშრომლებისადმი ცენზურის მცდელობის თემაზე მოკვლევა ჯერ არ დაუსრულებია. ამასობაში საზოგადოებრივ მაუწყებელს ცენზურის მცდელობაში “ახალი კვირის” ყოფილი ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ მან “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ისაუბრა.
მთივლიშვილი არხზე 2018-2020 წლებში მუშაობდა, თუმცა ანალოგიურ პრობლემაზე ბოლო პერიოდში გადაცემის ის ჟურნალისტებიც ლაპარაკობენ, რომლებიც დღემდე საქმიანობენ “პირველ არხზე”. ამჟამად “ახალი კვირა” ეთერში არ გადის.
“არ გვინდა ახლა ამ თემების გამწვავებაო”
სოფო მთივლიშვილის ამბობს, რომ “პირველი არხის” ყოველკვირეული გადაცემის “ახალი კვირა” გუნდს 2018 წლის სექტემბერში შეუერთდა და ძირითადად, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებდა.
მანამდე ის ტელეკომპანია “იმედში” საქმიანობდა. როგორც ამბობს, “პირველ არხზე” მისვლისას მიიღო გარანტია, რომ სიუჟეტებზე მუშაობისას სარედაქციო დამოუკიდებლობა ექნებოდა.
“მაშინ არ იყო ასე გამძაფრებული “იმედზე” სამთავრობო საცეცები, მაგრამ მაინც იყო პრობლემები და ვცდილობდი, მეპოვა სხვა სამსახური, სადაც შევძლებდი ჩემი საქმიანობის გაგრძელებას.
პირველ შეხვედრაზე [“პირველ არხში”] მახსოვს, რომ იყო საუბარი ცენზურასთან დაკავშირებით. მე ვთქვი: მინდა, გავაკეთო ის, რაზეც ვფიქრობ, რომ არის სწორი. როგორც მათ მითხრეს, მექნებოდა ამის საშუალება იმ გუნდში, რის გამოც ვიყავი ძალიან ბედნიერი”, — გვეუბნება მთივლიშვილი.
როგორც ჰყვება, ცენზურის მცდელობის პრობლემა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდა. მისი სიტყვებით, მენეჯმენტი ცდილობდა, ამ პერიოდში ჟურნალისტები “ლაითი”(მსუბუქი) თემებით შემოფარგლულიყვნენ:
“ლაითი თემა შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგალითად, ვინმე წარმატებული ადამიანის პორტრეტი, ან რომელიღაც სოფელში [მცხოვრებ] ოჯახზე შეგვეძლო გაგვეკეთებინა რეპორტაჟი, რომელიც რაღაც კუთხით, შეიძლებოდა, საინტერესო ყოფილიყო”.
სოფო მთივლიშვილი იხსენებს შემთხვევას, როცა, მისი თქმით, პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საკითხზე სიუჟეტის მომზადება მოისურვა. როგორც ამბობს, სიუჟეტი ეთერში გავიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც არჩევნებმა ჩაიარა.
“…საქმიანი თათბირები ნელ-ნელა იცვლებოდა როგორ, იცით? მაგალითად, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთანაც წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდით, მოგვცა ანგარიში, რომელიც შეეხებოდა პოლიციელების მიერ ძალაუფლების გადამეტებას.
ამ არასამთავრობომ გვითხრა, შეგიძლიათ, გააკეთოთ სიუჟეტად ეს ანგარიში და შემდეგ გამოვაქვეყნებთო. რა თქმა უნდა, ის დადასტურებულ, გადამოწმებულ ფაქტებს შეეხებოდა და… იყვნენ რესპონდენტები, რომელთაც შეეძლოთ ამ ფაქტებზე საუბარი.
როცა წარვადგინე თემა, მახსოვს, იყო ასეთი პრობლემა: მითხრეს, რომ მოდი, ეს თემა ცოტა ხანს არ გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ახლა არჩევნებია და არ გვინდა ახლა ამ თემების გამწვავებაო…” — დასძენს ჟურნალისტი.
მისივე სიტყვებით, მსგავს შემთხვევებში “უცებ ისე გეტყოდნენ და სხვა თემაზე ისე გადავიდოდნენ, კამათის შესაძლებლობაც არ გეძლეოდა”.
“გადაცემისადმი ცენზურის მცდელობა იყო “სისტემატური ხასიათის”
სოფო მთივლიშვილი ამბობს, რომ ცენზურის მცდელობების ფონზე “ახალი კვირის” გუნდის წევრებს ჰქონდათ პროტესტი, რის გამოც “ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თემა გაშუქდა” გადაცემაში.
კითხვას, იყო თუ არა მის შემთხვევაში ცენზურის მცდელობები ინტენსიური, მთივლიშვილი ასე პასუხობს:
“კონკრეტულად ჩემთან მიმართებაში სისტემატურად არ ვგრძნობდი, მაგრამ მე აღვიქვამდი გადაცემას ჩემად და გადაცემის მიმართ [ცენზურის მცდელობა] იყო სისტემატური ხასიათის.
მინდა, სწორად გაიგოთ. მე [მივიჩნევდი], რომ ყველაფერი ამ გადაცემაში უნდა გასულიყო ისე, როგორც ჟურნალისტებს კარნახობდა სინდისი”, — აღნიშნავს ის და ამატებს:
“გადაცემის მიმართ ინტენსიური ცენზურის მცდელობა არჩევნების პერიოდში მწვავდებოდა…”
ჟურნალისტი იხსენებს მის მიერ წინასაარჩევნოდ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც პოლიტიკოსების მიერ საჯარო განცხადებების დროს სიძულვილის ენის გამოყენებას ეხებოდა.
“მახსოვს, რომ ვაკეთებდი ამ სიუჟეტს, ძალიან დიდი ყურადღება იყო ჩემს მიმართ: 100 თვალი და 100 ყური, რომ რამე არ გამპაროდა… ისეთი [გამონათქვამები] ავირჩიე, რაც ჩემთვის უფრო მეტად გამოხატავდა სიძულვილის ენას. დავითვალე, რომ ყოფილიყო თანაბარი ოდენობა [ყველა პარტიის შემთხვევაში].
მაგრამ მარტო რაოდენობა ხომ არ არის, ხარისხიც ხომ არის? ანუ, სიძულვილის ენის გამოყენებისას რა შინაარსზეა საუბარი… მახსოვს, მანდ მქონდა პრობლემები: [მეუბნებოდნენ], ხომ არ ჯობია, რომ ეს ჩავსვათ?.. ხომ არ ჯობია, ეს გამონათქვამი შევცვალოთ სხვა გამონათქვამით, რომელიც უფრო რბილი იქნება?”
მთივლიშვილის მონაყოლის მიხედვით, გამონათქვამები, რომელთა შერბილებაც შესთავაზეს, მმართველი გუნდის წარმომადგენელთა მიერ იყო გახმიანებული.
“ეს სიუჟეტი ისეთი რედაქციით გავიდა, როგორითაც გავაკეთე. თუმცა, მართლა მახსოვს, რომ ძალიან დიდი ყურადღება იყო ჩემს მიმართ…” — დასძენს ის.
“არ გვინდა, პროპაგანდა გავუწიოთ ამ ადამიანებსო”
სოფო მთივლიშვილი გვეუბნება, რომ გადაცემაში მუშაობისას დაბრკოლებას გადააწყდა 17 მაისთან დაკავშირებით სიუჟეტის მომზადებაზეც.
მისი თქმით, სურდა, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეზე მოემზადებინა მასალა და მაყურებლისთვის ამ დღის ისტორია და მნიშვნელობა აეხსნა.
“მითხრეს, რომ 17 მაისის თემა და ლგბტ ადამიანებზე რაიმე სახით, რაიმე ფორმით რაიმეს გაკეთება… ისინი თვლიდნენ, რომ იყო პროპაგანდა. სასაცილოა, ხომ? გეუბნებიან, ჩვენ არ გვინდა, პროპაგანდა და პოპულარიზაცია გავუწიოთ ამ ადამიანებს ამ არხიდანო”, — აღნიშნავს მთივლიშვილი.
მისი სიტყვებით, ეს საუბარი ერთ-ერთ სამუშაო თათბირზე, 17 მაისამდე მცირე ხნით ადრე შედგა — მაშინ, როცა უკვე აქტიურობდნენ ჰომოფობიური ჯგუფები:
“ვეუბნებოდი, ჩვენი მისიაც ხომ ეს არის, რომ ადამიანებს მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რას ნიშნავს ეს. და ვინაიდან ისინი [ჰომოფობიური ჯგუფები] განიხილავდნენ, რომ ეს არის ტრადიციების შებღალვა და სხვა, ვეუბნებოდი, რომ მოდით, [მაყურებელს] სხვა კუთხით დავანახოთ [ეს საკითხი]…
შეგვიძლია, რომ საინფორმაციო სიუჟეტი გავაკეთოთ და თუ ამაზე დამთანხმდებით, გმირის გარეშე გავაკეთოთ-მეთქი. ლავირების სხვადასხვა გზებს ვეძებდი, რომ რამენაირად ეს თემა გამეტანა.
მითხრეს, რომ არა და იცი რა, მოდი, ხვამლის მთის საიდუმლოზე გააკეთე [სიუჟეტიო]”.
სოფო მთივლიშვილი 2019 წლის 17 მაისის წინა პერიოდზე საუბრობს. სხვა დროს, მაგალითად, 2018-ში, იმავე წლის 17 მაისს თბილისში განვითარებულ პროცესებზე(ლგბტ თემის&მისი მხარდამჭერების აქციასა და ეკლესიის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე) გადაცემაში სიუჟეტი გავიდა.
ასე მოხდა 2021 წლის 17 მაისსაც. მაშინდელი სიუჟეტი შეეხო ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ჰომოფობიის მსხვერპლნი გახდნენ.
ვისგან მოდიოდა ცენზურის მცდელობა
სოფო მთივლიშვილის თქმით, ცენზურის მცდელობა უშუალოდ გადაცემის პროდიუსერებისგან არ ყოფილა. მისი სიტყვებით, ორივე პროდიუსერი “მუდმივად იყო მოწოდებული”, რომ ჟურნალისტებს თემები გაეშუქებინათ ისე, როგორც სურდათ.
“ეს არ იყო ხელწამოსაკრავი გადაცემა. ჩვენ ვიბრძოდით ყველა თემისთვის და გაგვქონდა ძალიან ბევრი თემა [გადაცემის] პროდიუსერებთან, ნინი კინწურაშვილთან და თათია ოდიშარიასთან ერთად. ჩვენ ძალიან ბევრი თემა გაგვიტანია”, — აღნიშნავს ჟურნალისტი.
მთივლიშვილს ვკითხეთ, კონკრეტულად ვინ ერეოდა გადაცემის საქმიანობაში და როგორ იყო ეს სტრუქტურა დალაგებული. ჟურნალისტმა “პირველი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ეკა შონია ახსენა.
“ეკა შონია იყო ადამიანი, ვისთანაც გვიწევდა ძირითადად ამაზე საუბრები. გულწრფელად მჯერა — არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ მინდა, მჯეროდეს ადამიანების — რომ ეკა შონიაც იყო ძალიან დიდი წნეხის ქვეშ. ეკას ესმოდა ზოგჯერ, მე რასაც ვეუბნებოდი და არამარტო მე”, — დასძენს ის.
ჟურნალისტის სიტყვებით, მიუხედავად გადაცემის პროდიუსერების მცდელობისა, “მათზე არ იყო ბოლო სიტყვა და საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ”.
“ყველაფერს საინფორმაციო სამსახურის უფროსთან ვათანხმებდით. ეს იყო ეკა შონია. საზოგადოებრივი მაუწყებლის [გენერალური] დირექტორი იყო ვასიკო მაღლაფერიძე და ვასიკო მაღლაფერიძესთანაც”.
მისივე თქმით, ვასილ მაღლაფერიძე თათბირებს უშუალოდ არ ესწრებოდა, თუმცა “როცა თათბირზე არ უნდოდათ რაღაცის გაკეთება, უკვე ცალ-ცალკე იბარებდნენ ხოლმე რეპორტიორებს”.
“ვინ იბარებდა?” — ვკითხეთ ჟურნალისტს, რაზეც გვიპასუხა:
“ეკა [შონია] და ვასიკო [მაღლაფერიძე]. და მერე იყო განხილვა ცალკე ოთახში. გუნდთან ერთად არ ყოფილა განხილვები. ეგ არის თავდაცვის ერთ-ერთი მექანიზმი, რომ სხვებმა არ გაიგონ და სხვების მხარდაჭერაც არ ჰქონდეთ [ჟურნალისტებს]”.
მთივლიშვილი ამბობს იმასაც, რომ “ეს არ იყო გუნდი, რომელსაც ასე მარტივად დაიმორჩილებდა ვიღაც”, თუმცა “ეს დამორჩილების თემაც… როგორ გითხრათ, ფარული მეთოდებით ხდებოდა”.
” ყველა თემაზე რომ გიწევს ჯიკაობა ვიღაცასთან და დროს და ენერგიას ხარჯავ ამაში, ვეღარ იღებ სიამოვნებას შენი სამსახურიდან. საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ არ ვიყავი ბედნიერი იმით, რასაც ვაკეთებდი”, — გვითხრა მან.
“ნეტგაზეთი” ეკა შონიას დაუკავშირდა საპასუხო კომენტარის მოსასმენად.
“არ გავაკეთებ მსგავს სისულელეებზე არანაირ კომენტარს”, — გვიპასუხა მან, როდესაც ვუთხარით, რომ მთივლიშვილი ცენზურის მცდელობაში ადანაშაულებს მენეჯმენტს.
სოფო მთივლიშვილი ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობს. არხის დატოვების შემდეგ ის მალევე გაემგზავრა აშშ-ში. მთივლიშვილს ვკითხეთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ გადაცემაში არსებულ პრობლემებზე აქამდე არ უსაუბრია.
“პირველ ეტაპზე იმიტომ, რომ მე მაინც ვახერხებდი იმის გაკეთებას, რაც მინდოდა, გამეკეთებინა და ვცდილობდი, ბოლომდე მიმეყვანა ჩემი საქმე. ამას ვახერხებდი. სანამ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი, მე მათთვისაც [კოლეგებისთვისაც] ვიბრძოდი.
ახლა, [ვსაუბრობ] იმიტომ, რომ ეს გადაცემა არის გაჩერებული და მისი ბედი გაურკვეველია… ახლა არავინ იცის, დაბრუნდება თუ არა “ახალი კვირა”. ამიტომაც ვთქვი ის, რაც ვთქვი, რადგან ჩემს კოლეგებს სჭირდებათ მხარდაჭერა”, — გვიპასუხა მან.
იყო თუ არა ცენზურა — მენეჯმენტისა და სხვა ჟურნალისტების პოზიცია
“ახალი კვირის” ბოლო ეპიზოდი ეთერში 2021 წლის 26 დეკემბერს გავიდა, გუნდის მიმართ ცენზურის შესაძლო მცდელობების საკითხზე საუბარი კი მიმდინარე წლის თებერვალში, გადაცემის აწ უკვე ყოფილი წამყვანის, იმედა დარსალიას საჯარო განცხადებების შემდეგ გააქტიურდა.
დარსალიამ თქვა, რომ მიმდინარეობს გადაცემის რეორგანიზაცია, რაც რეალურად მის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებაა. მისივე ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს უთხრეს, რომ აღარ იქნებოდა “ახალი კვირის” წამყვანი.
დარსალიამ ასევე განაცხადა, რომ მანამდე არხის წარმომადგენელთა მხრიდან იყო “კრიტიკული თემების დაბლოკვის მცდელობა” და არსებობდა ე.წ. შავი სიები, რაც გულისხმობდა იმ პირთა სიას, რომელთანაც არხი არ თანამშრომლობდა/არ უთმობდა ეთერს.
დარსალიამ ასევე თქვა, რომ გადაცემას “ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰქონდა ცენზურასთან სერიოზული პრობლემა| და ცდილობდა, ყველა რგოლთან ემუშავა მის მოსაგვარებლად.
მისი განცხადებით, 2 წლის განმავლობაში “ახალ კვირაში” პოლიტიკა “ოფიციალურად იყო აკრძალული”, თუმცა არხის დირექტორის პოზიციაზე 2020 წელს დანიშნულ თინათინ ბერძენიშვილთან მოლაპარაკებით გადაცემაში პოლიტიკა და სხვა პრობლემური საკითხები ეთერს დაუბრუნდა.
“ეს იყო მცირე, მაგრამ კარგი პერიოდი “ახალი კვირის” გუნდისთვის”, — აღნიშნა მან.
დარსალიას ამ კომენტარების შემდეგ, არხის გუნდმა ორი განცხადება გაავრცელა.
ორმა ჟურნალისტმა, თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა თქვეს, რომ გადაცემაში ნამდვილად იყო “ცენზურის მცდელობის ფაქტები” და ასევე იყვნენ “ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები”.
“ცხადია, ეს ყველაფერი ყველა ჟურნალისტს თანაბრად არ შეხებია”, — აღნიშნეს მათ.
ამას მოჰყვა “ახალი კვირის” გუნდის სხვა წევრების განცხადება, რომელთაც თქვეს, რომ გადაცემაში ცენზურა არ არსებობდა. განცხადებას ხელი მოაწერეს პროდიუსერებმა და ჟურნალისტთა ნაწილმა, მათ შორის, თამარ გოგესაშვილმა, თამარ ოდიშარიამ, ნინუცა კახნიაურმა, ბელა ზაქაიძემ, ანა ნოდიამ, ნატა ტაბიძემ, ოთარ გიორგაძემ და ანუკი მასხარაშვილმა.
გადაცემის ზოგიერთი ჟურნალისტის ხელმოწერა ამ ორი განცხადებიდან არც ერთზე ფიქსირდება.
თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი იმედა დარსალიას განცხადებების შემდეგ ამბობდა, რომ მიმდინარეობს “მიზანმიმართული, რეპუტაციის შემლახავი კამპანია” მაუწყებლის წინააღმდეგ.
“ჩვენ ვისმენთ და ვითმენთ საყვედურებს, მაგრამ არა შეურაცხყოფას”, – ეწერა განცხადებაში.
მენეჯმენტის თქმით, “არხი მაყურებელს შესთავაზებს გადაცემის განახლებულ ფორმატს, რომელზეც სწორედ „ახალი კვირის“ გუნდი მუშაობს”.
ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც 2017-2020 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო, წელს მაუწყებელში დაბრუნდა: გასულ კვირას ის საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ სხდომაზე მას ე.წ. შავი სიების არსებობაზეც ჰკითხეს, რის საპასუხოდაც მაღლაფერიძემ თქვა, რომ “ეს არის აბსურდი”.
რა ეტაპზეა მოკვლევა
როგორც ცნობილია, “ახალი კვირის” ყოფილი წამყვანისა და ჟურნალისტთა ნაწილის მიერ ცენზურის მცდელობებთან დაკავშირებით გახმიანებულ განცხადებებზე საზოგადოებრივი მაუწყებელი მოკვლევას ატარებს. პროცესზე დირექტორთა საბჭოა პასუხისმგებელი.
“პირველი” არხის ვებგვერდის თანახმად, საბჭოში შედიან:
- გიორგი გვიმრაძე — საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორი;
- რუსუდან მანჯგალაძე — საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის დირექტორი;
- ნოდარ ჭიჭინაძე — საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური დირექტორი;
- გოჩა ქუმსიაშვილი — საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური დირექტორი
“ნეტგაზეთი” საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს 27 აპრილს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რა ეტაპზეა მოკვლევა და რა ღონისძიებებია გატარებული ამ დრომდე.
“…როგორც კი მიიღებს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტილებას, განცხადება დაიდება 1tv.ge-ზე. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩვენთან არის პროცედურები, რომელთაც მივყვებით და ალბათ უმოკლეს ვადაში იქნება გადაწყვეტილება მიღებული”.
ბერძენიშვილის თქმით, “ბევრ ადამიანთან მიმდინარეობს შეხვედრა, ჯგუფთან, არამხოლოდ… სამეურვეო საბჭოს ნაწილის კომპონენტიც არსებობს და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, პირველი არხი გააკეთებს განცხადებას”.
მთავარი ფოტო: პირველი არხი