„ჩემთვის ძირითადი ფასეულობა არის წარმატებული ქართული სახელმწიფო და ვერასოდეს ვერავინ, მათ შორის ვერც ბიძინა ივანიშვილი

გიორგი გახარია:„ჩემთვის ძირითადი ფასეულობა არის წარმატებული ქართული სახელმწიფო და ვერასოდეს ვერავინ, მათ შორის ვერც ბიძინა ივანიშვილი, ამ ფასეულობაზე მაღლა ვერ დადგება“
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებების მიუხედავად, ის სახელმწიფოზე ზემოთ ვერასდროს დადგება.
„როგორც არ უნდა ვაფასებდე იმ ღვაწლს, რომელიც მას (ბიძინა ივანიშვილს) მიუძღვის ქვეყნის მიმართ, ჩემთვის ძირითადი ფასეულობა არის წარმატებული ქართული სახელმწიფო და ვერასოდეს ვერავინ, მათ შორის ვერც ბიძინა ივანიშვილი, ამ ფასეულობაზე მაღლა ვერ დადგება!“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ინტერვიუს მიმდინარეობისას გადაცემა „რეაქციის“ ეთერში გახარიამ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებულ პროვოკაციასა და მასზე მიბმულ შავ კამპანიაზეც ისაუბრა. გახარიამ წამყვანის შეკითხვას იმაზეც უპასუხა ხედავს თუა რა ბიძინა ივანიშვილს ოცნების მხრიდან მასზე განხორციელებული თავდასხმების უკან.
„რა თქმა უნდა ვხედავ, მარტივი მიზეზის გამო – იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რა ოცნებაც დაგვიტოვა სრულად მისი პასუხისმგებლობაა.“ – განაცხადა გახარიამ.
ჟურნალისტის ჩაკითხვაზე გაბედავდნენ თუ არა ოცნების „ბოსები“ ივანიშვილის ნებართვის გარეშე ასეთი ტიპის თავდასხმების წარმოებას, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მათ ასეთ გამბედაობაში „ეჭვი ეპარება“.
„მათ გამბედაობაში მეც ძალიან ეჭვი მეპარება. ანუ ვიცი, რომ მათ გამბედაობას ეს არ შეესაბამება.“- ამბობს გიორგი გახარია.

მსგავსი სიახლეები