“ქართულ ოცნებას”: არ გინდათ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერები იყოთ?

ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დენიელ ფრიდი 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრის დროს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას მიმართავს. მისი თქმით, აშშ-ს არ აინტერესებს, რომელი პარტია მართავს ქვეყანას, “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” თუ რომელიმე სხვა, თუმცა მათ აღელვებთ საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნა.

ამერიკის ხმასთან ინტერვიუში მან ისაუბრა საქართველოში პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოსა და 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლაზე.

“პუტინს მოსწონს კორუმპირებული, დაყოფილი ქვეყნები, რადგან ისინი უფრო ადვილი სამართავია… შეკითხვა ქართველებისთვის ასეთია: აკეთებენ კი ისინი იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ ქვეყნის გარდასაქმნელად?.. ვშიშობ, რომ პასუხია – არა.

“იფიქრეთ ქვეყანაზე!” – ამას ვეტყოდი „ქართულ ოცნებას“: არ გინდათ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერები იყოთ? რუსებს სურთ, რომ მათი მარიონეტები იყოთ. ოპოზიციურ პარტიებს კი ვეტყოდი, რომ ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს, შექმნას პირობები უკეთესი მმართველობისთვის, არა მხოლოდ ქაოსი”, – ამბობს დენიელ ფრიდი.

28 ივლისს პარტიამ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.

შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას, ხელი არ მოაწერეს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, ასევე, “ევროპულმა საქართველომ” და “ლეიბორისტულმა პარტიამ”. შეთანხმება მოიცავს დათქმასაც, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნება” ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

მმართველ პარტიაში “მიშელის შეთანხმების” ანულირების გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და მთავარი ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებას არ შეუერთდა.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად. “შარლ მიშელის შეთანხმებიდან” ცალმხრივად გასვლა კრიტიკულად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმაც, კერძოდ, აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.

მსგავსი სიახლეები